საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, გასულ კვირას "ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მსჯელობა ბიზნესის მხრიდან სექტორში არსებულ გამოწვევებზე წარიმართა.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ბიუროკრატიული ბარიერებია. Photomate-ის ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ ამ დრომდე ძალიან ბევრი პროექტის ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროსგან პირდაპირი კონტრაქტირების პროცესში პასუხის მოლოდინშია, რაც ბიზნეს პროცესებს აფერხებს.
ლევან ბოსტიაშვილი ამბობს, რომ გამოწვევაა მზის ენერგიის მიმართულებით განაცხადების სიჭარბეც, რასაც არსებული ქსელის დატვირთვა ვერ გაუძლებს.
“მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა იყო ეკონომიკის სამინისტროსთან. გაგვაცნეს თავიანთი ხედვები, სამუშაო ძალიან ბევრია და გვესმის, მათი მხრიდანაც, რატომ გაიწელა 28 თებერვლის მერე, რატომ მოანდომეს ამდენი ხანი პასუხების გაცემას. ჯერ კიდევ ბევრი მიმართვა არის დარჩენილი, რომელზეც პასუხია გასაცემი.
ყველაზე დიდი გამოწვევა ბიუროკრატიაა. ველოდებით პასუხებს ეკონომიკის სამინისტროდან, რადგან არსებობს პროექტები, რომელთაც უკვე გადასახადები აქვთ გადასახდელი მიერთებაზე, მიმართული აქვთ ენერგო-კომპანიებისთვის და რადგან მემორანდუმებზე პასუხი არა აქვთ, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მემორანდუმი, გაჭედილია პროექტები და პრობლემები ექნება კომპანიებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო დაგვპირდა, უახლოეს მომავალში გვექნება პასუხები. როგორც ვიცით, 17 000 მეგავატამდე განაცხადი არის შესული სამინისტროში. დაახლოებით 90-დან 95%-მდე იყო მზის ელექტროსადგურების განაცხადი და როგორც ინჟინერს და სექტორში მომუშავე პერსონალს, ძალიან კარგად მესმის, რომ რთული იქნება ყველა განაცხადის დაკმაყოფილება, რადგან ჩვენი სისტემისთვის რთული იქნება ამდენი მზის ელექტროსადგურის მიერთება, ექსპლოატაციაში გაშვება და შემდგომ მათ მიერ წარმოქმნილი უბალანსობების დაბალანსება ქსელში,”- ამბობს Photomate-ის ტექნიკური დირექტორი ლევან ბოსტიაშვილი.




























