გასული წლის მსგავსად, მადლიერების დღისა და შობის დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, Amazon-ი წლის ბოლო კვარტალში სატრანსპორტო და სასაწყობო მიმართულებით დამატებით 250 000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნისა და მოცულობების ზრდაა მოსალოდნელი, ვფიქრობთ, 250 000 სწორი რიცხვია იმისთვის, რომ კომპანიამ ზრდა განაგრძოს და საოპერაციო პროცესი დახვეწოს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Mastercard-ის გამოთვლებით, წელს ონლაინ ვაჭრობაში მომხმარებლები რეკორდულ $240.8 მილიარდს დახარჯავენ - 8.4%-ით მეტს, ვიდრე გასულ წელს.
აღსანიშნავია, რომ Amazon ერთადერთი არ არის, ვინც წლის ბოლოს სამუშაო ძალას ზრდის - აშშ-ის წამყვანი სავაჭრო ქსელი Target სეზონზე 100 000 თანამშრომელს დაიქირავებს. ნავარაუდებია, რომ რითეილერები წლის ბოლომდე აშშ-ში 520 000 სამუშაო ადგილს შექმნიან - უფრო ნაკლებს, ვიდრე გასულ წელს (564 200).