კორუფციის ბრალდებით დღეს დაკავებული ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის მხარე ბრალს არ ეთანხმება.
დაკავებულის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ BM.GE-სთან თქვა, რომ საქმის ზოგად მონახაზს იცნობენ, საგამოძიებო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტებიც მიიტანეს და ამ ფონზე, მათთვის დღეს ბურჭულაძის დაკავება მოულოდნელი იყო.
" ბრალს დღეს არ წარუდგენენ, როგორც გამომძიებლებმა გვითხრეს.
ჩვენ ვიცით ზოგადი მონახაზი ამ საქმის შესახებ, ნასაუბრებიც გვქონდა, [სუსთან] დოკუმენტებიც გვქონდა წარდგენილი, რა საიდან, როგორ და რატომ ახსნა-განმარტება გვქონდა მიცემული. ამიტომ ვამბობთ, რომ დღევანდელი ფაქტი მოულოდნელობაა და არ შეესაბამება იმ დოკუმენტებს, რომელიც წარვადგინეთ. შესაბამისად, ბრალს არ ვეთანხმებით", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ელოდება თუ არა დაცვის მხარე პირთა წლის გაფართოებას, ადვოკატმა თქვა " წარმოაგენა არ მაქვს, რა შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად გამოძიებას".
თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც დღეს დააკავეს, ტვინის შერყევა აქვს.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაკავებულის ადვოკატმაც დაადასტურეს, თუმცა შერევის მიღების გარემოებები სხვადასხვაგვარად აღწერეს. ჯუანშერ ბურჭულაძე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
შეგახსენებთ, 27 ივლისს სუსმა დააკავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.
ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.
ხაინდრავასა და ღუდუშაურს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა, მხეიძეს კი, ამ დანაშაულში დახმარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























