მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯუანშერ ბურჭულაძე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება - სუს

ჯუანშერ ბურჭულაძე

"ჯუანშერ ბურჭულაძე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება", - ამის შესახებ BM.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, რის გამოც ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

„შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს მისი დაკავების კადრების გავრცელებისგან“, – განაცხადეს სუს-ში.

დაკავებულის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ დღეს მედიასთან თქვა, რომ ის სახლში საყოფაცხოვრებო პირობებში წაიქცა, რის გამოც ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა.

bm.ge ხაჩიძემ ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა. უფლებადამცველმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ტრავმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიიღო.

"ტრავმა ჰქონდა მიღებული წინა დღეებში. თბილისში სახლში ყოფნის დროს დაეცა და ჩვეულებრივი ტრავმა მიიღო.

რამდენიმე დღის წინ უნდა შევხვედროდით და მითხრა, ტრავმა მივიღე წოლითი რეჟიმი მაქვსო და შეხვედრა გადავდეთ. არაფერი მაგაში განსაკუთრებული არ არის", - განაცხადა ხაჩიძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.

შეგახსენებთ, 27 ივლისს სუსმა დააკავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.

ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.

ხაინდრავასა და ღუდუშაურს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა, მხეიძეს კი, ამ დანაშაულში დახმარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები