მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტს 5.5 მილიარდი ლარი უჯდება - ფინანსთა სამინისტრო

ლარი

საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტისა თუ მომსახურების 18% ამ გადასახადში უნდა მიიმართოს, თუმცა ამ შემთხვევაში მთელი რიგი დასახელების პროდუქტები და მომსახურებები უფრო ძვირი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში მიღებულია ათობით შესწორება საგადასახადო კოდექსში, რაც ნულოვან და საშეღავათო პირობებს აწესებს სხვა და სხვა მომსახურებებისა თუ სექტორებისთვის. 2023 წელს ნაერთ ბიუჯეტში 8.38 მილიარდი ლარის დღგ შევიდა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დღგ-ის საგადასახადო შეღავათებმა 5.52 მილიარდი ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტში 40%-ით მეტი დღგ შევიდოდა რომ არა ეს საგადასახადო შეღავათები და ქვეყნის მოსახლეობას და ბიზნესებს მოუწევდათ უფრო მეტი თანხა გადაეხადათ პროდუქციისა თუ სერვისების მიღებისთვის.

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ბიუჯეტს დაურთო საგადასახადო შეღავათების ანალიზის დოკუმენტი. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია თუ რა არის სხვადასხვა საგადასახადო შეღავათის მასშტაბი, თუმცა არაა შეფასებული მათი ეფექტიანობა თუ საჭიროება. მთლიანობაში 2023 წელს საგადასახადო შეღავათების მოცულობამ 5.93 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.52 მილიარდი სწორედ დამატებული ღირებულების გადასახადს უკავშირდებოდა.

დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულ სფეროებს შორის უმსხვილესია ჯანდაცვის, ფარმაციის, განათლების, ავტომობილების იმპორტისა და აზარტული თამაშების სექტორები.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სექტორების მიხედვით საგადასახადო შეღავათები ასე ნაწილდებოდა:

  1. ჯანდაცვა - 772 მილიონი ლარი;
  2. განათლება - 700 მილიონი ლარი;
  3. სოფლის მეურნეობა - 585 მილიონი ლარი;
  4. ფარმაცია - 559 მილიონი ლარი;
  5. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი - 155 მილიონი ლარი;
  6. აზარტული თამაშები - 140 მილიონი ლარი;
  7. ბავშვთა მოვლა - 50 მილიონი ლარი.

"ანგარიშში დღგ-ს საგადასახადო დანახარჯების რაოდენობრივი ანალიზი აქცენტს აკეთებს რამდენიმე სექტორზე. აღნიშნული მოიცავს დაბეგვრისგან გათავისუფლებულ 5 სექტორს (ბავშვთა დაცვა, განათლება, აზარტული თამაშები, ჯანდაცვა, მსუბუქი ავტომობილები) და ნულოვანი დაბეგვრის 2 სექტორს (სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული). ამ სექტორების დანახარჯები დღგ-ს საგადასახადო დანახარჯების ანგარიშში მთლიანად შეფასებული დღგ-ს დანახარჯების უმეტესობას მოიცავს (2018-2023 წლებისთვის საშუალოდ 53.57 პროცენტი). რაც შეეხება მთლიან შეფასებულ დანახარჯებს, 2023 წლისთვის დღგ-ს შეფასებული დანახარჯები 5,528.6 მლნ ლარს (მშპ-ს 6.89 პროცენტს) შეადგენს, რაც მეტია 2018-2022 წლების მაჩვენებლებზე. რაც შეეხება წინა წლებს, დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები 2018 წელს მშპ-ს 5.24 პროცენტიდან 2019 წელს მშპ-ს 6.48 პროცენტამდე გაიზარდა (მშპ-ს შემცირებასთან ერთად), 2020 წლისთვის შემცირდა მშპ-ს 5.93 პროცენტამდე, შემდგომ 2021 წელს გაიზარდა მშპ-ს 6.8 პროცენტამდე, ხოლო 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ს 6.7 პროცენტამდე შემცირდა,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები