გათავისუფლდეს კვერცხი და ქათმის ხორცი დღგ-ისგან გადახდისგან - ეს არის საკითხი, რომელიც მეფრინველეობის ბიზნესის წარმომადგნლებმა არაერთხელ დააყენეს პარლამენტში, „ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველ სხდომაზე, სადაც დღეს ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს უსმენენ.
„პარლამენტში თუ მოხდება, საბოლოო ჯამში, დღგ-ის საკითხის გარკვევა“, – თქვა კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ.
„17 წელიწადია, ვსვამთ ერთ მარტივ კითხვას - თუ კვერცხი მწყრის, კვერცხი იხვის, კვერცხი ინდაურის არ იბეგრება, ქათმის კვერცხმა რა დააშავა?!" - განაცხადა კომპანია „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა გუშინ, BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუშიც.
საქმე ის არის, რომ მხოლოდ ქათმის ხორცი და კვერცხი იბეგრება 18%-იანი დღგ-ით ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტებიდან - დანარჩენი ყველაფერი გათავისუფლებულია, ამიტომ 10 წელზე მეტია, კვერცხის და ქათმის ხორცის მწარმოებლების მთავრობას დღგ-ისგან გათავისუფლებას სთხოვენ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციას, როგორ „ოცნების“ დეპუტატების პასუხებიდან ჩანს, მთავრობისთვის კვერცხის და ქათმის ხორცის დღგ-ისგან შემცირება, რაც სავარაუდოდ, ამ პროდუქტების გაიაფებაზე დადებითად იმოქმედებდა, პრიორიტეტი არაა.
„დღგ-ზე მოგისმინეთ და აღარ გვინდა“, - ამ რეპლიკით შემოიფარგლა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, „ოცნების“ დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი.
ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი შეეცადა კვერცხის მწარმოებლებისთვის აეხსნა, რატომ მიიღებს ხელისუფლება დღგ-ის შემცირების გადაწყვეტილებას „მარტივად“.
„დღგ არის გადასახადი, რომლითაც შემდეგ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები... ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელზედაც ასე მარტივად შეგვიძლია როგორც სახელმწიფომ [შემცირებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ], რადგან ამით ფინანსდება ყველა ძირითადი ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის... ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელიც სადღაც რჩება, სადღაც არის დარეზერვებული. ეს არის გადასახადი, რომელიც ისევ მოქალაქეებთან მიდის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის: გარდა დღგ-ის შემცირების საკითხისა, მწარმოებლებმა ფასზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებს შორის დაასახელეს სუპერმარკეტებთან ურთიერთობა - კერძოდ, მათ მიერ დაწესებული ე.წ. "ქეშბექი" და ასევე, საკონსიგნაციო პერიოდი, რაც გულისხმობს მწარმოებლის მიერ მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების ხანგრძლივ პერიოდს.




























