აშშ-ში საცხოვრებლად ვიზის მიღების მსურველ უცხოელებს შეიძლება უარი ეთქვათ, თუ მათ გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ - მათ შორის დიაბეტი ან სიმსუქნე. როგორც KFF Health News წერს, შესაბამისი მითითება სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა და ის საელჩოებისა და საკონსულოების წარმომადგენლებს უკვე მიეწოდათ.
დოკუმენტის მიხედვით, ოფიცრებს დაევალათ განაცხადების უარყოფა იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელი შესაძლოა მომავალში სახელმწიფო დახმარებაზე გახდეს დამოკიდებული. ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემების ან ასაკის გამო შესაძლოა „საზოგადოებრივ ტვირთად“ იქცნენ, რაც აშშ-ს რესურსების პოტენციურად ხარჯვას გამოიწვევს.
ახალი მითითება მნიშვნელოვნად აფართოებს იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომლებიც ვიზის მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს. გარდა ინფექციური დაავადებებისა და ვაქცინაციის ისტორიისა, კონსულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ქრონიკულ მდგომარეობებს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, კიბო, დიაბეტი, მეტაბოლური და ნევროლოგიური დარღვევები, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
დოკუმენტში დამატებით მითითებულია, რომ სიმსუქნეც შეიძლება გახდეს ვიზის უარის საფუძველი, რადგან ის ზრდის ისეთი გართულებების რისკს, როგორებიცაა ასთმა, მაღალი წნევა. „ამ დაავადებების მკურნალობა ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ სამედიცინო ზრუნვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა, კონსულებს ევალებათ შეაფასონ, შეძლებს თუ არა განმცხადებელი მკურნალობის ხარჯების დაფარვას აშშ-ის მთავრობის ფინანსური დახმარების გარეშე.
მითითება ასევე მოითხოვს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გათვალისწინებას. ოფიცრებს უნდა შეაფასონ, ხომ არ ჰყავთ განმცხადებელს დამოკიდებული მაგალითად, შვილები ან ხანდაზმული მშობლები, რომელთა მოვლაც მის დასაქმებას ხელს შეუშლის.
იმიგრაციის იურისტების შეფასებით, ახალი რეგულაცია ოფიცრებს მეტ სუბიექტურ გადაწყვეტილების უფლებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მედიცინის სფეროში კვალიფიციურები არ არიან.
„ეს ძალიან პრობლემურია, რადგან ოფიცრებს ეძლევათ უფლება, საკუთარი წარმოდგენით განსაზღვრონ, რა შეიძლება მოხდეს ჯანმრთელობის მხრივ მომავალში“, - ამბობს კათოლიკური იურიდიული იმიგრაციის ქსელის უფროსი იურისტი, ჩარლზ უილერი.
ექსპერტების თქმით, რეგულაცია ტრამპის ადმინისტრაციის იმიგრაციის პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც არალეგალურად მცხოვრები პირების დეპორტაცია და ახალი იმიგრანტების ნაკადის შეზღუდვაა. დოკუმენტი, სავარაუდოდ, შეეხება ძირითადად იმ პირებს, რომლებიც აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მისაღებად მიმართავენ.




























