დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სურვილი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები განახლდეს.
შეგახსენებთ, ორ მხარეს შორის სპეციალური დაფინანსების პროგრამა SAFE-ის ფარგლებში მოლაპარაკებები 2025 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მაშინ გარიგება ვერ შედგა და დიდმა ბრიტანეთმა $178-მილიარდიანი ფონდიდან სარგებლის მიღება ვეღარ შეძლო. საუბარია საკონტრაქტო პროექტზე, რომელიც ევროპაში მოქმედ სამხედრო მრეწველობის გიგანტებთან უნდა გაფორმებული და რომელსაც კონტინენტის თავდაცვისუნარიანობა უნდა გაეზარდა.
ამჯერად სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები განახლდეს, თუნდაც საუბარი SAFE-ის ფონდს აღარ შეეხოს. გაერთიანებული სამეფო მზადაა, გამოყოს საჭირო ხარჯები და გააფართოოს პარტნიორობა, რათა კონტინენტური უსაფრთხოების საერთო არქიტექტურის სრულფასოვანი მონაწილე ისევ გახდეს. სტარმერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უახლოეს მომავალში ისევ უნდა შექმნას SAFE-ის მსგავსი ფონდი, რომელიც, ერთი მხრივ, ბრიტანულ სამხედრო მრეწველობას დაეხმარება შეკვეთების ზრდით, მეორე მხრივ კი, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებს ევროპულ შეიარაღებას შემატებს.
სავარაუდოა, რომ ამჟამად დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი €90-მილიარდიანი დაფინანსების პროექტიდან კონტრაქტების მიღებით და მოკავშირე ქვეყნისთვის სამხედრო შეიარაღების წარმოებით. მიმდინარე კვირას, ლონდონს ევროპელი კომისრები, მაროს სეფჩოვიჩი და ვალდის დომბროვსკისი ეწვევიან და სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, დაუნინგ-სტრიტზე საუბარი ამ თემასაც შეეხება.



























