"ეს დაბარება იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე გაკეთდებოდა ნებისმიერი სხვა ქვეყანაში, საქართველოს ელჩს რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე", - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა 27 ელჩის განცხადებას. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსი ახლა საკუთარი პოზიციების დაცვის რეჟიმშია.
"ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იქნა ელჩი დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ეს ყველამ კარგად უნდა აღიქვას, რომ ჩვენ რადგან გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ პატივი ეცეს ჩვენს ინტერესებს. და თუ ვინმეს დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს დაბარება ამ შემთხვევაში იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე იქნებოდა გაკეთებული ნებისმიერი სხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩს, რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე, სასამართლო პროცესების თანამონაწილე ყოფილიყო და ა.შ.“,- განაცხადა მაია ბითაძემ გადაცემაში "იმედი LIVE".
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ეს პირველი შემთხვევაა. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად დაგმო საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიული რიტორიკა“ და „უსაფუძვლო დაბარება“.




























