მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი ალბათობით, წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაიხურება“

63ab2af449876
ალა ისპირიანი
27.12.22 21:30
635
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე პროგნოზირებს, რომ 2022 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაიხურება. როგორც მან გადაცემა „ საქმიან დილაში“ თქვა მიმდინარე წელს არსებული ეკონომიკური აქტივობა დადებითად უნდა შეფასდეს.

„იმ ფონზე რა გამოწვევაც რეგიონში იყო დადებითაც უნდა შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით არსებული ტენდენცია, რაც საქართველოში გვქონდა. ამ ეკონომიკურ აქტივობას ლარის რამდენიმე წლიანი გაუფასურების შემდეგ დოლარის მიმართ გამყარება მოჰყვა. ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ფისკალური პარამეტრები, რომელიც პანდემიის დროს თავისი ნორმალური დონეებიდან მნიშვნელოვნად იყო გადახრილი. ამასთან, მიმდინარე წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს დაუახლოვდება. 2022 წელს მთავრობის ვალი კი 40%-იან ნიშნულს ჩამოსცდება. ამასთან, საბანკო დაკრედიტება ხარისხობრივად არის გაუმჯობესებული.

10 თვის ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს და 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ორი თვეა დარჩენილი და მაღალი ეკონომიკური აქტივობაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაიხურება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება 2023 წლის ეკონომიკურ აქტივობას, მისი თქმით, იგი 5%-იან პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.

„2023 წელს ვფიქრობთ, ეკონომიკური აქტივობა შენელდება, მაგრამ პოტენციურ დონეს დაუბრუნდება. ჩვენი პროგნოზია 4,8%. არის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც 4-5%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაბალი არ არის და ფაქტორები, რომელიც ამას განსაზღვრავენ ნომერ პირველი ტურიზმი იქნება, რადგან ვფიქრობთ, ტურიზმის გამოცოცხლება უნდა  გაგრძელდეს და 2022 წელთან შედარებით 2023 -ში შემოსავლები დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება სხვა საგარეო შემოდინებებს, როგორიცაა ფულადი გზავნილები, აქ გარკვეულ კორექციას ველოდებით. ვფიქრობთ, ის გადმორიცხვები რაც მიმდინარე წელს იყო შესაძლოა ერთჯერად ქმედებებს უკავშირდებოდეს, ამიტომ ამ კუთხით შენელებას ველოდებით“, - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

2022 წლის გამოწვევებზე საუბრისას, მან მთავარ პრობლემად ინფლაცია დაასახელა და თქვა, რომ 2023 წელს ის შესუსტდება.

„როდესაც ეკონომიკური აქტივობა გვაქვს რა თქმა უნდა ყველას სურს ეს ეკონომიკური აქტივობა თანაბრად შეეხოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. არა მარტო საქართველოში სხვა ქვეყნებშიც ასეა. პირველი, იმიტომ რომ მაღალია უმუშევრობა და ფაქტია ეს ადამიანები ეკონომიკური აქტივობიდან სარგებელს ვერ ნახავენ და მეორე ის, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანის ხელფასები მაღალ ინფლაციას ვერ ეწევა. ორნიშნა ინფლაციაა და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მომავალი წლისთვის სწორედ ეს გამოწვევა გადადის. იმ საბაზისო სცენარით,რაც გვაქვს ინფლაცია შესუსტებულია. ჩვენი პროგნოზით მიუთითებს, რომ დეკემბერში დეფლაცია უნდა იყოს“,- განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ასევე საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზია, რომ 2022 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები