დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მათ Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ევროკავშირი არც ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრეს-სპიკერი ანუარ ელ ანუნიმ 15 თებერვალს გაავრცელა.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.
ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“, – აცხადებს ვროკავშირის პრეს-სპიკერი.
განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ოფიციალური კიევი ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს და განცხადებას აქვეყნებს.
„უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და განიხილავს მათ, როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“, - წერია განცხადებაში.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბა ლიდერობს.




























