მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ექსმინისტრი, პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა - RBC

ინალ არძინბა

აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ დაბრუნდა - წერს RBC წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ის კრემლში მანამდე ვლადისლავ სურკოვის კურატორობით მუშაობდა, გადადგომის შემდეგ კი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

მან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში სტრატეგიული ინიციატივების კოორდინაციის დეპარტამენტი ჩაიბარა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებთან პოლიტიკის ფორმირებაზე იქნება პასუხისმგებელი. ინალ არძინბამ RBC-ს ზარსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

რუსული მედიის ცნობით, სოხუმში დაბადებული ინალ არძინბა 35 წლისაა. სწავლობდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (НИУ ВШЭ) მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე. მისი ნათესავია აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა.

ინალ არძინბას კარიერა დაკავშირებულია როგორც ოკუპირებულ აფხაზეთთან, ისე რუსეთის ხელისუფლებასთან. 2014 წელს არძინბამ მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - დსთ-ს ქვეყნებთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დაიწყო. ამ სტრუქტურის მუშაობას მაშინ პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კურირებდა. სამმართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან ურთიერთობა იყო. უკრაინაში არძინბას ქვეყნის სამხრეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობასა და სეპარატისტული რეჟიმების დახმარებაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. არძინბამ თანამდებობა 2018 წელს დატოვა. RBC წერს, რომ მალე ინალ არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი საჯარო პოლიტიკური თანამდებობა მიიღო: 2021 წელს იგი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დაინიშნა, ხოლო 2024 წლის მაისში ამ პოსტიდან გაათავისუფლეს.

RBC-ს ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს მიზანი „რბილი ძალის“ რეფორმა, რათა ის უფრო ეფექტური და პრაგმატული გახდეს. ფედერალური ჩინოვნიკის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს რეგულარულ სემინარებს ახალი სამმართველოს მუშაობის შესახებ, რომელშიც ექსპერტები და კრემლის სხვა სტრუქტურების თანამშრომლები მონაწილეობენ. ერთ-ერთი მიმდინარე ამოცანა ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლების (KPI) შემუშავებაა.

RBC-ს წყაროების თქმით, ინალ არძინბას პასუხისმგებლობის სფეროში ნაწილობრივ აფრიკის ქვეყნებიც შედის. სხვა წყაროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სამმართველოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა საგარეო პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები