მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას უერთდება

62b8283fe001a
თათია კაკიაშვილი
26.06.22 14:30
1336
დიდი ბრიტანეთი რუსული ოქროს იმპორტს კრძალავს. ამით ქვეყანა აშშ-ის, კანადის და იაპონიის გადაწყვეტილებას უერთდება, რომლის მიზანია რუსეთს უკრაინის ომის დაფინანსება შეუზღუდოს. ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უახლოეს კვირებში შევა. ის გავრცელდება ახლად მოპოვებულ ან დახვეწილ ოქროზე და რუსეთიდან ადრე ექსპორტირებულ ძვირფას ლითონზე არ იმოქმედებს. იმპორტის აკრძალვის ამოქმედებამდე ლეგიტიმურად შეძენილ რუსულ ოქროზე შეზღუდვების გავრცელება არ იგეგმება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი “პუტინის ომის მანქანას დაარტყამს“. 2021 წელს რუსეთში ოქროს ექსპორტმა 15,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, დიდ ბრიტანეთში კი აცხადებენ, რომ ოქროს ღირებულება ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ოლიგარქები ძვირფასი ლითონის შეძენას სანქციების თავიდან ასაცილებლად ჩქარობენ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა G7 ქვეყნებს - გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას - შესთავაზა, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას შეუერთდნენ.

„დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, რომელიც რუსეთისთვის ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს“, - დაწერა ბაიდენმა ტვიტერში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი დასძინა: "ჩვენ გვჭირდება პუტინის რეჟიმის დაფინანსების შემცირება. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ."

იმის გამო, რომ ლონდონი ოქროს ძირითადი გლობალური სავაჭრო ცენტრია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პრეზიდენტ პუტინის თანხების მოზიდვის უნარზე დიდ გავლენას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა მდიდარ პირებზე, ბანკებზე, ბიზნესებსა და სახელმწიფო საწარმოებზე მთელი რიგი სანქციები შემოიღეს. ამ დრომდე აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირს და ბიზნესს სანქციები დაუწესეს. უახლესი სანქცია კი ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს იმპორტის შეზღუდვები გავრცელდება რუსეთის ექსპორტზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 13,5 მილიარდი ფუნტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები