გაერთიანებული სამეფოს მონარქი, ჩარლზ III, აპრილში ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
27 აპრილის კვირაში დაგეგმილი ეს მიმართვა ისტორიული მნიშვნელობის იქნება, რადგან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს კონგრესისთვის 1991 წლის შემდეგ, დედოფალ ელისაბედ II-ის გამოსვლის შემდეგ აღარ მიუმართავს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა Punchbowl News-მა გაავრცელა, რაც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.
როგორც ირკვევა, მეფე ჩარლზის ვიზიტი აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული დიპლომატიური აქტივობების ნაწილია. იანვარში ლონდონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ეწვია, რომელიც პირველი სპიკერი გახდა, ვინც ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე წარდგა.
აღსანიშნავია, რომ მონარქის ვიზიტი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩაინიშნა: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერზე ზეწოლას აგრძელებს, რათა ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ჩართოს. პრემიერი კირ სტარმერი კი ქვეყნის კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ამ დრომდე გამორიცხავს. „ეს არ არის ბრიტანეთის ომი“ - განუცხადა ჟურნალისტებს სტარმერმა კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ის ირანზე თავდასხმებში მონაწილეობას.




























