მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთის საელჩო სანქციების ახალ პაკეტზე განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთის საელჩო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამუშავა, რომელიც მიზნად ისახავს კრემლის სამხედრო მანქანის, უკანონო ფინანსური ქსელებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვას. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს ინფორმაციით, სანქციების ახალი ტალღა შეეხება რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებსა და იმ უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი აქამდე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავალას ცდილობდა.

გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სანქცირებულ ობიექტებს შორის მოხვდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე 2026 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ ერთ-ერთ პორტში იმყოფებოდა. საელჩოს განცხადებაში სხვა დეტალები აღნიშნული გემის საქართველოში გადაადგილების ან ტვირთის შესახებ დაზუსტებული არ არის.

დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ლონდონი აქტიურად აგრძელებს მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას. უწყების მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში, რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები უკვე თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები