მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი დიღომი, სამგორი, საბურთალო... - რომელ უბნებში გაიზარდა ბინების გაყიდვები და ფასი თებერვალში?

ბინები

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში თებერვალში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა და თვის ჭრილში პირველადი ბინები 0.8%-ით, წლიურად კი 16.5%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა მეორად ბაზარზე ფასები თვიურად ახალი პროექტების შემთხვევაში 4.1%-ით, ძველ პროექტებზე კი 2.2%-ით შემცირდა.

თებერვალში თბილისში 258.8 მლნ დოლარის ღირებულების 3 444 ბინა გაიყიდა. ფასი წლიურად 4.9%-ით გაიზარდა, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 0.9%-ით. შედეგად მიმდინარე წლის თებერვალში პირველად ბაზარზე 1 659, ხოლო მეორად ბაზარზე 1 785 ბინა გაიყიდა.

„ბინების გაყიდვების ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი - 49% დიდი დიღომში (+17.0% წ/წ), სამგორში (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში - ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე (-35.9% წ/წ).

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უბნების მიხედვით, მ²-ზე ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე დაფიქსირდა, რომელსაც ვაკე და ჩუღურეთი მოსდევს.

„ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები