ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 10 000 აშშ დოლარისა და 350 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა. სამართალდამცავებმა ჯამში ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი ბანკნოტი ამოიღეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად არის ამოღებული.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყალბი ფულის დამზადებას ან გასაღებას დიდი ოდენობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




























