"საკმაოდ დიდი შანსია, რომ Fitch-მა შემდეგი განახლებისას საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს,"- გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა საქართველოს ექსპრემიერმა და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა.
გილაური აღნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რაც მიმდინარე წელს 0 მინუს 2%-ის ეკონომიკურ ზრდაში, დოლართან ლარის 3.1-3.2 ლარის ნიშნულამდე გაუფასურებასა და გაზრდილ ინფლაციაში აისახება. ამასთან, გილაური მიუთითებს, რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობას და იმას, აღემატება თუ არა ნეტო რეზერვები ქვეყნის იმპორტის 3 თვის მაჩვენებლებს, რაც საქართველოს შემთხვევაში უკვე 2.8 თვემდე შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ Fitch-მა 2024 წელს უკვე ორჯერ შეამცირა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, 2025 წელს Fitch-მა თავად რეიტინგის დონეც შეიძლება შეამციროს, "BB" დონიდან "BB მინუსამდე"
"Fitch-ის ნაცვლად ვერ გავაკეთებ განცხადებას, მაგრამ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრი არის სავალუტო რეზერვები, თუ რამდენად აღემატება ის იმპორტის მაჩვენებლებს. ანუ რაიმე საგარეო შოკი რომ იყოს შეუძლია თუ არა ამ რეზერვებს ბალიშის ფუნქცია შეასრულოს, რომ არ დაადეფოლტოს ქვეყანა. რაც უფრო ნაკლებია დეფოლტის რისკი მით უფრო მაღალია რეიტინგი. ახლახან გაუზარდა ბანკებს სარეზერვო მოთხოვნები, მაგრამ ამის ეფექტი ხომ არ ზრდის ნეტო რეზერვებს, Fitch-ი უყურებს ნეტო რეზერვებს. 3 თვე არის ის სასურველი მინიმუმი, რომელიც IMF-ის შეფასებით უნდა იყოს სავალუტო რეზერვების ფარდობა იმპორტთან. ჩვენ ვართ 2.8-ზე ჩამოსული ამიტომ საკმაოდ დიდი შანსია, რომ Fitch-მა შემდეგი განახლებისას საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.
2024 წლის ბოლოს Fitch-მა სახელმწიფოს სუვერენული რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა, რაც 2024 წლის განმავლობაში მეორე შემცირება იყო, რადგანაც გასული წლის ზაფხულში რეიტინგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შემცირდა.




























