მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს – რა შეიცვლება?

60bc7be4cb118
თათია კაკიაშვილი
06.06.21 12:22
5982
მოწინავე ეკონომიკის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფმა მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებ "ისტორიულ" შეთანხმებას მიაღწია. ლონდონში სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გადაიჭრას კომპანიების მხრიდან გადასახადების გადახდის თავიდან აცილების პრობლემა იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საქმიანობენ.

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამოქმედდეს "გლობალური მინიმალური კორპორატიული გადასახადი", რომელიც 15%-ით განისაზღვრება.

ამ გადასახადის გადამხდელებს შორის შეიძლება მოგვევლინონ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Amazon და Google.

ახალი გადაწყვეტილების შედეგად, მთავრობები შეძლებენ, მილიარდობით დოლარის მიღებას კოვიდპანდემიის კრიზისის დროს წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

შეთანხმება, რომელშიც ჩართული არიან აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან, იტალიიდან და იაპონიიდან - გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზეც, რათა მათაც მიბაძონ "დიდ შვიდეულს" და მსგავს გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მომდევნო თვეში „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიც.

რატომაა საჭირო წესების შეცვლა?

მთავრობები დიდი ხანია ცდილობენ გაუმკლავდნენ გლობალური კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებულ პრობლემებს – ეს საკითხები კი ისეთ უზარმაზარ ტექნოლოგიურ კორპორაციებში, როგორებიცაა Amazon და Facebook, წლიდან– წლამდე იზრდება. დღესდღეობით კომპანიებს შეუძლიათ ადგილობრივი ფილიალები იმ ქვეყნებში გახსნან, რომლებსაც შედარებით დაბალი კორპორატიული გადასახადი აქვთ – ეს კი ნიშნავს, რომ ფილიალებს მხოლოდ ადგილობრივი გადასახადების დაფარვა უწევთ, მაშინაც კი, თუკი კომპანიების მოგება, ძირითადად, სხვა ტერიტორიებზე გაყიდვებიდან მოდის. 

"დიდი შვიდეულის" მიერ მიღებული გარიგების მიზანია, რომ აღნიშნული პრობლემები 2 გზით გადაჭრას: უპირველეს ყოვლისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სურთ მინიმალური გლობალური გადასახადის განაკვეთის შემოღება. მეორე მხრივ - წესები მიზნად ისახავს, კომპანიებმა მეტი გადასახადი გადაიხადონ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საკუთარ პროდუქტს ყიდიან და არა მხოლოდ იქ, სადაც მათი სათავო ოფისებია განთავსებული.

რა წერია ხელშეკრულებაში?

მულტინაციონალური კომპანიებისთვის გადასახადების გადახდის წესები, ვრცელდება გლობალურ კომპანიებზე, რომლებსაც მინიმუმ 10%–იანი მოგების მარჟა აქვთ. შეთანხმების პირობების თანახმად, მოგების 20% განაწილდება და დაიბეგრება იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიები ოპერირებენ. მეორე მხრივ, შეთანხმება ქვეყნებს ავალდებულებს, შემოიღონ 15%–იანი მინიმალური გლობალური გადასახადი, რომლის შემცირების უფლებაც სახელმწიფოებს ინდივიდუალურად არ ექნებათ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები