პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას დიდი ყურადღება დაეთმობა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა.
ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შესრულებას. ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.




























