დიდმა ბრიტანეთმა გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში ქართველ მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთის ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე ჩართული არიან "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში".
"ჩინჩალაძე ჩართული იყო სერიოზულ კორუფციაში. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასრულებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, მან მიიღო ფინანსური სარგებელი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულების სანაცვლოდ. კერძოდ, მან გამოიყენა თავისი გავლენა სასამართლო დანიშვნებისა და გადაწყვეტილებების მანიპულირებისთვის, რათა უზრუნველეყო მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ინტერესების გათვალისწინება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ლევან მურუსიძე ჩართულია სერიოზულ კორუფციაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რანგში, მან გამოიყენა თავისი გავლენა სასამართლო დანიშვნებისა და გადაწყვეტილებების მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ წარმართვისთვის. ასევე, მან მიიღო უვადო დანიშვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც მას საშუალებას აძლევს, გააგრძელოს საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულება და სასამართლო სისტემის მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მართვა", - წერს ბრიტანეთის ხაზინა.
სანქციების აღნიშნულ პაკეტში სულ 12 პირი შედის, მათ შორის არიან კორუმპირებული ჩინოსნები მოლდოვიდან, საქართველოდან და გვატემალადან.




























