დღეს პროკურატურამ სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილი დააკავა, რომელსაც გამოძიება გავლენით ვაჭრობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, ლილუაშვილი არაერთ ბიზნესში არის ჩართული. ესენია ძირითადად ნავთობისა და ავტოგაზის იმპორტი და რეალიზაცია, უძრავი ქონების დეველოპმენტი, ასევე ის არის დიდუბის ავტოსადგურის გამგეობის წევრი.
რამდენიმე კომპანიას, რომლებშიც ანდრია ლილუაშვილი არის ჩართული ფინანსური მაჩვენებლები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ასეთია ნავთობის იმპორტით დაკავებული კომპანია გაზ იმპექსტი, რომელსაც 2023 წელს 173 მილიონი ლარის შემოსავალი და 10 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
ასევე კომპანია უნიკაი ჯგუფი, რომელიც ავტოგაზის რეალიზაციით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 34 მილიონი ლარი იყო, მოგება კი 1.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე კომპანია ჯორჯიან პეტროლიუმ დისტრიბუშენი, რომელსაც 2024 წელს 4.6 მილიონი ლარის შემოსავალი და 0.3 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, ანდრია ლილუაშვილი შემდეგ კომპანიებში მონაწილეობს - შპს ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი — მეწილე; შპს უნიკაი — მეწილე; შპს სმარტკო ნიუ — დირექტორი; შპს საგურამო გარდენს — მეწილე; შპს ოილ ლენდ — მეწილე; შპს ოილ ვეი — მეწილე; შპს გლობალ მენეჯმენტ გრუპ — მეწილე; შპს გაზინვესტ გორი — მეწილე; შპს ბაუ სტარ მს — მეწილე; შპს ატლასი-ლკ — დირექტორი; სს დიდუბის ავტოსადგური — გამგეობის წევრი; ნავთობპროდუქტების რეალიზატორთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია ნავკო — დირექტორი; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ნია“ — დირექტორი; გაზ იმპექსი — მეწილე.




























