ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ 1986 წელს მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩინებული სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს, არგენტინა ისტორიაში მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახადა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო - ოქროს ბურთი დაიმსახურა.
აღნიშნული პრიზი დეკადების მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა ახლახან ფრანგულმა სააუქციონო სახლმა “Aguttes-მა” განაცხადა, რომ თასი ნაპოვნია და ის 6 ივნისს გაიყიდება.
ოქროს ბურთის გაუჩინარება სხვადასხვა ბუნდოვანი ისტორიებითაა მოცული. ერთი ვერსიით ის იტალიელი მაფიოზის ჯუზეპე მისოს კლანმა 1989 წლის 26 ოქტომბერს ბანკის გაძარცვის დროს წაიღო, რა დროსაც მარადონა “ნაპოლიში” ასპარეზობდა. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ მარადონას ჯილდოს ადგილსამყოფლის შესახებ კომენტარი ჟურნალისტებთან არასდროს გაუკეთებია და არც საკუთარ ავტობიოგრაფიაში ახსენებს.
მეორე ვერსიის მიხედვით ოქროს ბურთი მოპარული არ არის, სინამდვილეში მარადონამ პოკერში დიდი ფული წააგო და ვალი სწორედ ამ გზით გადაიხადა, რაც დიეგოსნაირი აზარტული ადამიანისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის.
“Aguttes-ის” სპორტული ნივთების ხელმძღვანელის ფრანსუა ტიერის განცხადებით ოქროს ბურთი დღის სინათლეზე 2016 წელს გამოჩნდა, როცა ალჟირული წარმოშობის ფრანგმა კოლექციონერმა აბდელჰამიდ ბ-მ აღმოაჩინა და სხვა ნივთებთან ერთად შეიძინა. აბდელჰამიდი თავიდან ვერ იაზრებდა რა მნიშვნელობის თასი შეისყიდა, თუმცა მოგვიანებით, როცა ამ ჯილდოს ისტორიის შესახებ შეიტყო მარადონასა და FIFA-სთან კონტაქტზე გასვლას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხა.
აუქციონი პარიზში 6 ივნისს შედგება და ფრანსუა ტიერის განცხადებით ორგანიზაცია ამ ლოტით მილიონობით ევროს მიღებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს “Aguttes-ს” სააუქციონო სახლმა დიეგო მარადონას 1986 წელს ინგლისის კარში “ღმერთის ხელად” წოდებული გოლისას ნაცვამი მაისური რეკორდულ ფასად 9,3 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო თამაშში გამოყენებული ბურთი 2,4 მილიონ დოლარად შეფასდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Artisio, რომელიც კომპანიებს ციფრული აუქციონების ჩატარების საშუალებას აძლევს, სწორედ "Aguttes-თან" ანუ საფრანგეთის რიგით მეოთხე უდიდეს სააუქციონო სახლთან, დაპარტნიორდა. შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული სააუქციონო სახლის საოპერაციო მენეჯმენტს ქართული კომპანია უზრუნველყოფს.