„დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია“ 2024 წლის ივნისში იქნება მზად. რას ითვალისწინებს გეგმარების დოკუმენტი, ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ დიღმის ჭალების მცველმა, ანა ტრაპაიძემ ისაუბრა.
„სტრატეგიის ფარგლებში დაახლოებით 200 ჰექტარზე ხდება რეკომენდაციების შემუშავება, რომლის მთავარი მიზანიც, ჭალების აღდგენაა. გეგმარების დოკუმენტის შემუშავება 2023 წლის ზაფხულში დაიწყო და პირველ ეტაპზე, 6-7 თვის განმავლობაში დიღმის ჭალების მდგომარეობის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვება მიმდინარეობდა. ზოგიერთი ადგილი ძალიან არის დაბინძურებული, ზოგიერთ ადგილას შესაძლებელია ტყის აღდგენა. 70 ჰა ტყიდან 15 ჰექტარიღა შემორჩა, დანარჩენი ნარჩენებშია ჩაფლული. ჩვენი სურვილია, მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც შეიძლება მალე“,- აღნიშნა ანა ტრაპაიძემ.
მისივე თქმით, მალე იგეგმება „დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის“ საჯარო განხილვა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე მოისმენს ექსპერტების რეკომენდაციებს.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ მაინცდამაინც ამ სტრატეგიით მოხდება დიღმის ჭალების აღდგენა. ამაზე უმჯობესია თბილისის მერიამ გააკეთოს ცოტა მეტი განცხადება. პირველი ნაბიჯები არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჭალის სამშენებლო მასალებისგან გასუფთავება. შემდგომ უკვე დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა ანა ტრაპაიძემ.
დიღმის ჭალების მცველებს ორი სასამართლო პროცესი აქვთ აქტიურ ფაზაში „თბილისის მერიასა“ და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“.
„თბილისის მერიას ვთხოვთ დიღმის ჭალებიდან გაიტანონ სამშენებლო ნარჩენი, რადგან თავის დროზე ვერ მოხდა დამნაშავეების იდენტიფიცირება. კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტი არის ვალდებული მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები დაასუფთაოს რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროსთან სასამართლო დავას, რაღაც საკითხებში იდენტიფიცირებული გვყავს კანონდამრღვევები, რომლებმაც დიღმის ჭალები ამ დონემდე მიიყვანეს, მაგრამ მათზე ადეკვატური პასუხისმგებლობები არ დაკისრებულა. ეს ორი კომპონენტი თუ შესრულდა სამართლებრივად, სტრატეგიის განხორციელებისთვის რეალისტური ნიადაგი გვექნება“, - განაცხადა დიღმის ჭალების მცველმა.
შეგახსენებთ, დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგის მოსამზადებლად საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ. სტრატეგიის მომზადება თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთითა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
სტრატეგიაზე მუშაობა 2023 წლის ივნისში დაიწყო და დასრულებული დოკუმენტის წარდგენა 2024 წლის ივნისისთვის იგეგმება.