დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გავრცელებული ხისტი განცხადებების ფონზე, დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანას შესაძლოა ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი. ამასთან, „საქმიანი დილის“ ეთერში დიპლომატმა აღნიშნა, რომ შესაძლოა დავკარგოთ ევროპასთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
„განცხადებების სიხისტე მატულობს და ჩვენ უკვე გვესმის, რომ ეს არა მხოლოდ არ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ დააშორებს მას. დიპლომატიურ ენაზე გავრცელებული განცხადებები ნორმალურ ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ნიშნავს, რომ მინიმუმ ჩვენ შეგვიჩერდება კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
პრაქტიკა ჯერ ამის არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყოველ დღე ხდება რაღაც ისეთი, რაც ადრე არ მომხდარა. ამის მინიშნებები არის ძალიან კონკრეტულად ჩამოყალიბებული არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ ევროკომისიის, ბატონი ბორელის, შარლ მიშელის მხრიდან. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ჯეიკ სალივანი ძალიან იშვიათად აკეთებს ერთ თემაზე ორ განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით, ესეც დავინახეთ. ჯეიმს ო’ბრაიენის ჩამოსვლა, რომელიც სანქციების პოლიტიკით არის დაკავებული, ეს ძალიან სახიფათო ნიშნებია.
მომავალს არ შეიძლება ებრძოლო და ეს შეძახილები, რომ თბილისში 20 ათასი ადამიანი იყო ეს უკვე სერიოზული აღარ არის, მთელი მსოფლიო ხედავს რა ხდება სინამდვილეშ,“ - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.