მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონგრესმენების განცხადებაში სანქციების მუქარა ყოველგვარი შენიღბვის გარეშე იკითხება“ - ჩეჩელაშვილი

ვალერი ჩეჩელაშვილი

დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, კონგრესმენების მიერ გავრცელებული განცხადება პირდაპირ მიანიშნებს მოსალოდნელ სანქციებზე. როგორც ჩეჩელაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენის ჩამოსვლაც ამ გადამწყვეტ მომენტში სწორედ ამ პროცესებთან არის კავშირში.

10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და საქართველოს მთავრობას პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს.

კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის "საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას".

ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.

ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები არის გაგრძელება „ოცნების“ პოლიტიკისა, რომლის მიზანია უპირობო გამარჯვების მოპოვება ოქტომბერში.

"ეს არის ერთ-ერთი ხერხი, რომ გაიწმინდოს საინფორმაციო ველი, მაგრამ რაღაცა ვერ გათვალეს. ლოგიკა, რომ გაიწოვებოდა ხმები ორ პოლუსზე და „ქართული ოცნება“ უფრო მარტივად მოიგებდა არჩევნებს, იმიტომ, რომ პარტიები ვერ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ახლა ამ ხაფანგში თვითონ აღმოჩნდნენ. აქ საუბარი არ არის ერთ კანონზე, საუბარია იმაზე, რომ იქმნება საგარეო პოლიტიკური ტრაექტორია საქართველოსი, რაზეც მეტყველებს ის ხისტი განცხადებები დასავლეთის მხრიდან გაკეთებული, იქნება ეს ევროპული დედაქალაქი თუ ვაშინგტონი. ეს უკვე ეხება ფუნდამენტურ საკითხებს და აქ გარდაუვალია სერიოზული ელექტორალური ზიანი, რომელსაც ქართული ოცნება მიიღებს. ახლა ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში და ამაში მოუწევთ სერიოზული ფასის გადახდა

კონგრესმენების განცხადებაში უკვე ძალიან პირდაპირ არის სანქციების მუქარა ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, ეს არის წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც ავტორია უკრაინასთან დაკავშირებული წერილის, რომლის შემდეგაც მიიღო კონგრესმა გადაწყვეტილება 61 მლრდ-თან დაკავშირებით. ანუ დემოკრატიული მთავრობა და რესპუბლიკელები როგორც უმრავლესობა, შეთანხმებულად აფრთხილებს ქართულ ოცნებას რომ გარდაუვალია სანქციები და ვფიქრობ, ჯეიმს ო’ბრაიენის ჩამოსვლაც ამ გადამწყვეტ მომენტში არ არის შემთხვევითი.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, ნუ გვავიწყდება, რომ აშშ ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის პარლამენტები და ევროპის კომისია ნიშნავს ევროპის საინვესტიციო და რეკონსტრუქციულ ბანკს და ა.შ. ამიტომ ეს აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეს ძალიან სახიფათო თამაშია იმ რეალობაში როცა ჩვენი უცხოური ინვესტიციები არის ძალიან დაბალ ნიშნულზე“, - განაცხადა რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები