საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებმა ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ.
როგორც მან ჟურნალისტებს ესტონეთის გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა, ცალკეული წევრი ქვეყნები იმ საერთო გადაწყვეტილებას ახორციელებენ, რაც საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირმა მიიღო.
საქმე ისაა, რომ 8 მაისს, ესტონეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს აეკრძალათ. ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა აისახოს.
როგორც ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, მიზანი არაა რიგითი მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესება და ეს მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ეხება.
„დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიული კანონების, დაშინებისა და ძალადობის საპასუხოდ, ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ახლა საკუთარ საზღვრებზე პასუხისმგებელი წევრი ქვეყნები ამ საერთო გადაწყვეტილებას იმპლემენტაციას ახდენენ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებდა გასულ წელს - ეს არ აახლოებდა საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან, არამედ აშორებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ამან იმოქმედოს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ამიტომ ჩვეულებრივი ქართული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ, გაემგზავრონ უვიზოდ ევროკავშირში, მაგრამ ვინც ქვეყანას წარმოადგენს, აქვს დიპლომატიური პასპორტები, ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.