მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Disney ახალ თემატურ პარკს აბუ-დაბიში გახსნის - ყველაფერი, რაც ვიცით

დისნეი

Walt Disney ახალ თემატურ პარკს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში, დეველოპერთა რეგიონულ ჯგუფ Miral Group-თან ერთად გახსნის - ეს იქნება არა მხოლოდ პირველი პარკი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, არამედ Disney-ის პირველი თემატური პარკიც შუა აღმოსავლეთში.

აბუ-დაბიში Disney-ის ზღვისპირა კურორტი იას კუნძულზე აშენდება, რომელიც უკვე არის პოპულარული ტურისტული მიმართულება ოჯახებისთვის, რადგან მსოფლიოში ცნობილ რამდენიმე თემატურ პარკს, მათ შორის Warner Bros World-ს, SeaWorld-სა და Waterworld-ს აერთიანებს. 2023 წელს კუნძულს 34 მილიონი ტურისტი ეწვია 38%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე.

როგორც Disney-ს გამოცდილებათა მიმართულების თავმჯდომარე ჯოშ დემარომ განაცხადა, კომპანია ამ რეგიონით დიდი ხანია დაინტერესებულია და აბუ-დაბი იდეალური ლოკაცია აღმოჩნდა.

Disney-ის კურორტის დაფინანსებაზე, აშენებასა და ოპერირებაზე აბუ-დაბიში ბაზირებული კომპანია Miral იქნება პასუხისმგებელი. თემატური პარკის კრეატიულ დიზაინს კი Disney-ს ჯგუფი შეიმუშავებს. შემდეგ Disney ჰონორარს პარკის შემოსავლის მიხედვით მიიღებს.

"Disney-ის პარკი ავთენტიკურად "დისნეი" და გამორჩეულად ემირატული იქნება - Disney-ს არაჩვეულებრივი გართობის ოაზისი სამყაროს გზაჯვარედინზე" - ასე შეაფასა Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ იგერმა კომპანიის ახალი პროექტი.

Disney-ს ახალი პარკის გახსნის თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა დემარომ აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტის დიზაინის შემუშავებას 1-2 წელი დასჭირდება, მის აშენებას კი დამატებით - 6 წელი.

დასრულების შემდეგ კურორტზე Disney-ის თემატიკის ატრაქციონები, რესტორნები, მაღაზიები და სხვა ობიექტები განთავსდება, რომელიც, დემაროს განცხადებით, აბუ-დაბის მემკვიდრეობისა და Disney-ის ამბის თხრობის იდეალური შერწყმა იქნება.

პროექტის ზუსტი ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ Miral-ს კურორტის მშენებლობა $10 მილიარდზე მეტი დაუჯდება, რაც აბუ-დაბის ლოკაციას Disney-ის ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტად აქცევს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები