გასართობი ინდუსტრიის ამერიკულ გიგანტ Disney-ს, როგორც ჩანს, ვიდეოთამაშების ინდუსტრიის დაპყრობა სურს. ეს ინდუსტრია, Disney-ისთვის მაინცდამაინც ახალი არ არის, რადგან სხვადასხვა სტუდიებთან თანამშრომლობით ამერიკულ კომპანიას არაერთი ვიდეოთამაში შეუქმნია, მაგრამ ინვესტიცია, რომელიც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბობ აიგერმა დააანონსა - ყველაზე დიდი ნაბიჯია, რომელიც Disney-მ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში გადადგა. საუბარია $1.5-მილიარდიან ინვესტიციაზე, რომელიც Disney-მ ვიდეოთამაშების მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში, Epic Games-ში დააბანდა.
Disney-ის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავარი აქტივი, რომელსაც კომპანია ფლობს - ინტელექტუალური საკუთრებაა. Disney-ის 101-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიას არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შეუქმნია, ბევრი კი, კომპანიამ უბრალოდ იყიდა. შედეგად კი გამოვიდა ისე, რომ დღეს, Disney-ი ფლობს, როგორც უშუალოდ Disney-ის პერსონაჟებს, მათ შორის პრინცესებსა და პრინცებს, არამედ იმ გმირებსაც, რომელთაც Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ის, Avatar-ისა და სხვა მსგავსი კომპანიების მიერ შექმნილ ფრენჩაიზებში ვხვდებით. ინტელექტუალური საკუთრება დიდი რესურსია, რომლითაც კომპანია კაპიტალიზაციას გეგმავს, ახლა უკვე ვიდეოთამაშების ინდუსტრიაშიც.
მაშ, რატომ აირჩია Disney-მ პარტნიორობისთვის მაინცდამაინც Epic Games-ი? ამ კითხვაზე პასუხი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება და სამივე მათგანი Epic Games-ის მდგრადობას უკავშირდება. პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ Epic Games-ი საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი კომპანიაა, რომელსაც არაერთი ძალიან წარმატებული პროდუქტი შეუქმნია, რის გამოც, ინვესტორები მას თვალდახუჭულად ენდობიან. ამასთან, Epic Games-ი ფლობს პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშ Fortnite-ს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, Battle Royale-ის ჟანრს დაუდო სათავე. თუმცა ზემოხსენებულ ორ მიზეზზე უფრო მნიშვნელოვანი Epic Games-ის საკუთრებაში არსებულ ძრავს - Unreal Engine-ს უკავშირდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძრავია, რომელზედაც ვიდეოთამაშებს არამხოლოდ Epic-ი აფუძნებს, არამედ სხვა სტუდიებიც. გამოდის, რომ ამ თანამშრომლობით ორივე მხარე იღებს სარგებელს.
ისე კი, ზემოხსენებულ გარიგებას, შესაძლოა, კიდევ ერთი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზეზი ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ Fortnite-ი ერთ-ერთი ის თამაშია, რომელიც ტერმინ “მეტავერსს” ყველაზე კარგად განასახიერებს. კი, მართალია, იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ის თავის დროზე დაანონსდა, მეტავერსი არავის გვინახავს, მაგრამ ის, რასაც Fortnite-ი ამ მიმართულებით აკეთებს, იდეალთან ყველაზე ახლოს მყოფად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ Fortnite-ი იყო პირველი ვიდეოთამაში, რომელმაც ვირტუალურ რეალობაში რეალური ელემენტები შემოიტანა და ვიდეოთამაშში მუსიკალური კონცერტების ჩატარება დაიწყო. სხვადასხვა დროს, Fortnite-ში კონცერტი ისეთ არტისტებს ჩაუტარებიათ, როგორიცაა Marshmello, ტრევის სკოტი, არიანა გრანდე და BTS.