მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fortnite-ში გამართულ ბოლო კონცერტს 14 მილიონი მოთამაშე დაესწრო

Fortnite

ნოემბრის ბოლოს, Fortnite-ში მორიგი კონცერტი გაიმართა, რომელსაც პირდაპირ ეთერში 14 მილიონი მოთამაშე ესწრებოდა, ანუ ამ მხრივ ახალი რეკორდი დამყარდა. თუკი ადრე, Fortnite-ი სოლო კონცერტებზე ფოკუსირდებოდა, Remix: The Finale-სთვის Epic Games-მა ერთბაშად რამდენიმე ძალიან ცნობილი და გავლენიანი არტისტი შეარჩია, მათ შორის Snoop Dogg-ი, Eminem-ი, Ice Spice-ი და აწ უკვე გარდაცვლილი Juice WRLD-ი.

თავად სანახაობა, რომელიც Fortnite-ისთვის დამახასიათებელ გრაფიკაში იყო გადაწყვეტილი, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო — მუსიკოსები კაიჯუების მსგას დიდ მითოლოგიურ ფიგურებად წარდგნენ, ხოლო თავად კონცერტი რამდენიმე ვირტუალურ ლოკაციაზე გაიმართა. ამასთან, სწორედ Fortnite-ში შედგა 2019 წელს გარდაცვლილი ამერიკელი რეპერის, Juice WRLD-ის ამ დრომდე უცნობი კომპოზიციის, Empty Out Your Pockets-ის პრემიერა.

ამ დროისთვის, Fortnite-ში რამდენიმე ვირტუალური კონცერტი გაიმართა. პირველი კონცერტი 2019 წლის თებერვალში გაიმართა, როცა მოთამაშეების წინაშე Marshmello-მ დაუკრა. იმ კონცერტს, რომელმაც ვიდეოთამაშების სექტორში ერთგვარი პრეცედენტი შექმნა, ათი მილიონი მოთამაშე დაესწრო. 2020 წელს, Fortnite-ის აუდიტორიის წინაშე დღეს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რეპერმა, Travis Scott-მა იმღერა, რასაც პირდაპირ ეთერში თორმეტი მილიონი ადამიანი დაესწრო. სხვადასხვა დროს, Fortnite-ში არიანა გრანდეს, Metallica-ს, BTS-ისა და Eminem-ის კონცერტებიც გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ Fortnite-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოთამაშია ისტორიაში, სადაც 650 მილიონზე მეტი მოთამაშე არის რეგისტრირებული. ყოველდღიურად აქტიური მოთამაშეების რაოდენობა ნაკლებია და 25-45 მილიონის შუალედში მერყეობს, რაც ასევე ფენომენალური მაჩვენებელია. ამ და სხვა პარამეტრების გამო, რამდენიმე თვის წინ Fortnite-ის შემქმნელი კომპანიის, Epic Games-ის აქციონერთა შორის ამერიკული Disney-ი გამოჩნდა. იმ დროს, Disney-მ Epic Games-ში $1.5 მილიარდი დააბანდა, რაც კომპანიის მიერ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო.

Disney-ის ეს გადაწყვეტილება მოულდონელი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავარი აქტივი, რომელსაც კომპანია ფლობს - ინტელექტუალური საკუთრებაა. Disney-ის 101-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიას არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შეუქმნია, ბევრი კი, კომპანიამ უბრალოდ იყიდა. შედეგად კი გამოვიდა ისე, რომ დღეს, Disney-ი ფლობს, როგორც უშუალოდ Disney-ის პერსონაჟებს, მათ შორის პრინცესებსა და პრინცებს, არამედ იმ გმირებსაც, რომელთაც Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ის, Avatar-ისა და სხვა მსგავსი კომპანიების მიერ შექმნილ ფრენჩაიზებში ვხვდებით. ინტელექტუალური საკუთრება დიდი რესურსია, რომლითაც კომპანია კაპიტალიზაციას გეგმავს, ახლა უკვე ვიდეოთამაშების ინდუსტრიაშიც.

მაშ, რატომ აირჩია Disney-მ პარტნიორობისთვის მაინცდამაინც Epic Games-ი? ამ კითხვაზე პასუხი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება და სამივე მათგანი Epic Games-ის მდგრადობას უკავშირდება. პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ Epic Games-ი საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი კომპანიაა, რომელსაც არაერთი ძალიან წარმატებული პროდუქტი შეუქმნია, რის გამოც, ინვესტორები მას თვალდახუჭულად ენდობიან. თუმცა ზემოხსენებულ ორ მიზეზზე უფრო მნიშვნელოვანი Epic Games-ის საკუთრებაში არსებულ ძრავს - Unreal Engine-ს უკავშირდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძრავია, რომელზედაც ვიდეოთამაშებს არამხოლოდ Epic-ი აფუძნებს, არამედ სხვა სტუდიებიც. გამოდის, რომ ამ თანამშრომლობით ორივე მხარე იღებს სარგებელს.

ისე კი, ზემოხსენებულ გარიგებას, შესაძლოა, კიდევ ერთი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზეზი ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ Fortnite-ი ერთ-ერთი ის თამაშია, რომელიც ტერმინ “მეტავერსს” ყველაზე კარგად განასახიერებს. კი, მართალია, იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ის თავის დროზე დაანონსდა, მეტავერსი არავის გვინახავს, მაგრამ ის, რასაც Fortnite-ი ამ მიმართულებით აკეთებს, იდეალთან ყველაზე ახლოს მყოფად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ Fortnite-ი იყო პირველი ვიდეოთამაში, რომელმაც ვირტუალურ რეალობაში რეალური ელემენტები შემოიტანა და ვიდეოთამაშში მუსიკალური კონცერტების ჩატარება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები