გართობისა და კინოინდუსტრიის ლეგენდარულმა ამერიკულმა კომპანია Disney-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მისმა შემოსავლებმა ბოლო 3 თვეში $25.98 მილიარდს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მცირედით აღემატება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ აქედან წმინდა მოგებამ $2.48 მილიარდი შეადგინა, ინვესტორებისთვის ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობად კი $1.63 დოლარი განისაზღვრა.
იმის მიუხედავად, რომ მთლიანი შემოსავალი გაზრდილია, კვარტალური თვალსაზრისით კომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $200 მილიონითაა შემცირებული, რაც Disney-სთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ხარჯებით, ასევე საავტორო უფლებების მიღებისთვის გადახდილი თანხებითა და ახალი კონტენტის შექმნისთვის გაზრდილი ხარჯებითაა განპირობებული.
შემოსავლის მთავარი წყარო ბოლო 3 თვეში ლეგენდარული კინოსტუდიისთვის მისი გასართობი ცენტრები იყო, საიდანაც კომპანიამ ჯამურად $10 მილიარდი მიიღო. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ მომავალი კვარტალისთვის შემოსავლების მკვეთრ ზრდას ვარაუდობს Disney სტრიმინგ პლატფორმების კუთხით. კერძოდ, მათი ვარაუდით, Disney+-ისა და Hulu-ს გამოწერებიდან მიღებულმა მოგებამ $500 მილიონს უნდა გადააჭარბოს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $200-მილიონიანი ზრდა უნდა დააფიქსიროს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო Disney-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ ფისკალურ 2026 წელს კომპანიამ $7 მილიარდის აქციები გამოისყიდოს.




























