The Walt Disney Company თითქმის $50-მილიონიანი კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურ სასამართლო დავას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც კომპანია სტრიმინგპლატფორმებზე სააბონენტო ფასების ხელოვნურ ზრდაშია ბრალდებული.
როგორც ირკვევა, სასამართლო დავა 2022 წელს YouTube TV-ის გამომწერებმა დაიწყეს. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ Disney-მ საკუთარი პოპულარული არხების, მათ შორის ESPN-ისა და Hulu-ს კონტროლი სტრიმინგის ბაზარზე ფასების კარნახისთვის გამოიყენა. კერძოდ, კომპანია პლატფორმებს ავალდებულებდა, ESPN საბაზისო პაკეტებში ჩაერთოთ, რაც კონკურენტებს უფრო იაფი ალტერნატივების შეთავაზების შესაძლებლობას ართმევდა.
საყურადღებოა, რომ Disney ბრალდებას უარყოფს და შეთანხმებას პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე დათანხმდა. ამასთან, კომპანიამ პირობა დადო, რომ მომავალში დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებებისას ESPN-ის გარეშე, შედარებით მცირე საარხო პაკეტების შექმნის შესაძლებლობასაც განიხილავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპენსაციის ფონდიდან თანხის მიღების უფლება აშშ-ის იმ მომხმარებლებს აქვთ, რომლებიც YouTube TV-ით ან DirecTV Stream-ით 2019 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 მარტამდე პერიოდში სარგებლობდნენ. განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა, ხოლო საბოლოო სასამართლო მოსმენა 2027 წლის 14 იანვარს იგეგმება.




























