"თიბისის" მთავარი ეკონომისტი დივერსიფიკაციის არგუმენტით, ჩინურ იუანში ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ნაწილის უფრო მეტი მოცულობით განთავსებასაც ემხრობა და აცხადებს: "დივერსიფიცირების არგუმენტიდან გამომდინარე, უფრო მეტ თანხასაც განვიხილავდი, რადგან ახლა მოცულობა ძალიან მცირეა".
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციებში განთავსებას გეგმავს. საქართველოს ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირება უკვე შეუძლია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჩინური იუანის ინსტრუმენტებში რეზერვების დაახლოებით 5%-მდე ინვესტირება იგეგმება.
ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ანალოგიურიად ძალიან ბევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკი მოქმედებს.
"ჩემი აზრით, ეს ნამდვილად დივერსიფიცირებაა. ასევე ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკი ამ მხრივ ერთადერთი არ არის, ბევრი ცენტრალური ბანკი იქცევა ასე. უფრო მეტიც, როგორც ნახეთ, სებ-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იუანში ეს მცირე თანხა ისედაც იყო განთავსებული. თუ არ ვცდები, ამას უბრალოდ მსოფლიო ბანკი მართავდა, ახლა კი პირდაპირი ინვესტირების საშუალება გაჩნდა. ზოგადად, რეზერვების მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა რთული თემაა: გასათვალისწინებელია ვალის სტრუქტურა, დივერსიფიცირება, ოქროსა და სხვა საკითხები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დივერსიფიცირების არგუმენტიდან გამომდინარე, უფრო მეტ თანხასაც განვიხილავდი, რადგან ახლა მოცულობა ძალიან მცირეა", - ამბობს ნადარაია.
ეროვნული ბანკის ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიზანი დივერსიფიკაციაა. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნით ბანკმა მანამდე რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა და დღეის მდგომარეობით ოქროს წილი 18%-მდეა გაზრდილი. ჯამში რეზერვების მოცულობა 6.3 მლრდ დოლარს აჭარბებს.
"ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის ძალიან მიმზიდველი. ჯერ ერთი ის არის უზარმაზარი თავისი ლიკვიდობით და არის შედარებით სტაბილური ბაზარი, ანუ მას გააჩნია საკუთარი განსხვავებული დინამიკა. ანუ ჩვენთვის ცენტრალური ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო რეზერვები განთავსებული იყოს დივერსიფიცირებულად. ანუ გეოგრაფიულად გავზარდოთ ჩვენი არეალი და ახლა უკვე წვდომა გვქონდეს არა მხოლოდ ტრადიციულ დასავლურ ბაზრებზე, არამედ ჩინეთის და ზოგადად აზიურ ბაზრებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საბოლოოდ მოვიპოვეთ წვდომა ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე და პრაქტიკულად უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას", - აცხადებს თურნავა.




























