მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DJI-ს კონკურენტი გამოუჩნდა - რა ვიცით Antigravity-ს შესახებ?

Drone
BM. GE
18.08.25 23:23
310

დრონების წარმოების ჩინურ გიგანტს, DJI-ს კონკურენტი გამოუჩნდა და მისი სახელი Antigravity-ა. თავად ეს კომპანია აგრეთვე ჩინური Insta360-ის შვილობილია და მიზნად ბაზარზე ახალი, უნიკალური გამოცდილების შემოტანას ისახავს. Antigravity-ს პირველ დრონს A1 ერქმევა და მისი წონა, DJI-ს Mini-სერიის დრონის მსგავსად, 249 გრამი იქნება. ცნობისთვის, ეს არის სწორედ ის სიმძიმე, რა შემთხვევაშიც მომხმარებელს, მათ შორის საქართველოშიც, დრონის პილოტის საჭირო მოწმობის აღება არ ესაჭიროება.

DJI-სა და Antigravity-ს დრონებს შორის განსხვავებას რეალურად თავად Insta360 განსაზღვრავს. აღნიშნულმა კომპანიამ პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ფოტო-ვიდეო გადაღებას 360-გრადუსიანი რადიუსით სთავაზობდა. სწორედ ეს იქნება ის უპირატესობა, რასაც Insta360 შვილობილ Antigravity-ს გაუზიარებს. 4 კამერისგან შემდგარი დრონი კადრებს 360 გრადუსში გადაიღებს. თანაც, 8K რეზოლუციით, რაც თავად DJI-ს Mini-სერიებისთვისაც კი დღემდე მიუღწეველია.

მსგავსად Insta360-ით გადაღებული კადრებისა, გადამღები მოწყობილობა არც აქ გამოჩნდება. დრონის ზედა და ქვედა ნაწილებში განთავსებული 360-გრადუსიანი კამერები კადრიდან დრონს სრულად გააქრობს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ისე გადაიღონ, რომ თვალში პროპელერის ფრთაც კი არ მოხვდეთ.

A1-ის დრონის მართვა თავზე დასამაგრებელი სათვალით იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეეძლება ცალ ხელში დასაკავებელი სამართავი პულტის გამოყენებაც. ამ მხრივ, მომხმარებელს DJI-ს Avata სერიის დრონი შეიძლება გაახსენდეს. მართალია A1 FPV დრონი არ იქნება, თუმცა მისი 360-გრადუსიანი კამერა მფლობელს საშუალებას მისცემს, დამონტაჟების ეტაპზე კამერა ნებისმიერ კუთხეში დააყენოს. Antigravity-ში მიიჩნევენ, რომ ახალი დრონით არა ერთი კადრის, არამედ რამდენიმე პარალელური კადრის მიღება იქნება შესაძლებელი, რაც A1-ს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

რაც შეეხება ფასსა და გამოსვლის თარიღს. ჯერჯერობით, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გავლენიანი მედიების აზრით, თარიღი 2026 წლის იანვრის თვეს არ გადააჭარბებს. საწყისი ფასი კი, სულ მცირე, $1000 დოლარი იქნება.

ფაქტია, DJI-ს დრონების უპირობო დომინაციის ეპოქა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. უცნობია, რას შეცვლის კომპანია მომავალში, თუმცა თუ DJI-მ მომხმარებელს კონკურენტული პროდუქტი არ შესთავაზა, მისი პოპულარობა ნელ-ნელა დაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები