მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმანისში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო „შვანრე“ ამოქმედდა

6466022431c3a
სალომე ხიდურელი
19.05.23 22:45
1386
ქვემო ქართლის რეგიონში კოოპერატივმა „დმ-ანსი“ ნედლი რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო აამუშავა. მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე „შვანრე“-ს სახელით რეალიზდება. როგორც საწარმოს დამფუძნებელი ნონა ანსიანი BM.GE-სთან აღნიშნავს, კომპანია ნედლ რძეს კოოპერატივის მეპაიეებისაგან იბარებს.

„ამ ეტაპზე იწარმოება სულგუნი, ჭყინტი ყველი, კარაქი, ნადუღი შებოლილი სულგუნი და მოცარელა. საწარმოში ყოველდღიურად 2 ტონა ნედლი რძე გადამუშავდება, რომელსაც ვიბარებთ როგორც ჩვენი მეპაიეებისგან, ასევე შემგროვებელი პუნქტებიდან“,- ამბობს ნონა ანსიანი.

მისი თქმით, „შვანრეს“ პროდუქცია გაყიდვაში უკვე ჩაშვებულია, თუმცა რეალიზაციის პრობლემის გამო ფასები თვითღირებულებასთან ძალიან ახლოსაა.

„პროდუქცია უკვე იყიდება თბილისის აგრომარკეტებსა და აგრო ბუტიკებში, ასევე ინტერნეტმაღაზიებში. ვფიქრობთ, ფასები პირდაპირპროპორციულია ბაზარზე არსებული ფასებია. ამ ეტაპზე, ძალიან ახლოს ვართ თვითღირებულებასთან, რადგან კონკურენტულ ბაზარზე რეალიზაცია იმდენად ჭირს, რომ ფასნამატზე საუბარიც არ არის“, - აღნიშნავს ნონა ანსიანი.

კოოპერატივის დამფუძნებელმა BM.GE-სთან საწარმოს მართვის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიონალი კადრების მოძიება რთულია.

„საწარმოში, ამ ეტაპზე, 7 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში კადრების დამატება იგეგმება. უბრალოდ, არა მხოლოდ პროფესიონალი კადრების, არამედ დამწყებების დეფიციტიცაა. ჩვენ თვითონ ვმუშაობთ კადრების გადამზადებაზე, ვცდილობთ ვასწავლოთ და შემდეგ ჩვენთან დავასაქმოთ, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს“, - ამბობს ნონა ანსიანი.

რძის გადამამუშავებელი საწარმო დმანისში 96 500-ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა, საიდანაც 93 670 ლარი სახელმწიფომ კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყო. „შვანრეს“ პროდუქცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება, თუმცა სამომავლოდ ექსპორტიც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები