მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნედლი რძის დეფიციტის გამო მოთხოვნის შესაბამისად მიწოდებას ვერ ვახერხებდით" - "შვანრე"

შვანრე

ნედლი რძის დეფიციტი ადგილობრივი ყველის მწარმოებლებისთვის წარმოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამის გამო კომპანია "შვანრეს" წელს როგორც ექსპორტის მიმართულებით დაგეგმილი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ისე ადგილობრივ ბაზარზე გარკვეულ პერიოდებში მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მიწოდებაც გაუჭირდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნონა ანსიანმა BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ საკითხზე საუბრისას ამბობს, ნედლეულის დეფიციტმა ბიზნესის საოპერაციო პროცესებზე პირდაპირი გავლენა მოახდინა.

„წლევანდელ წელს პროდუქციის ექსპორტზე გატანას ვგეგმავდით, თუმცა ნედლეულის დეფიციტის გამო ეს გეგმა ვერ განვახორციელეთ. გარკვეულ პერიოდებში ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდებაც პრობლემური იყო, რადგან არსებული ნედლეულის მოცულობა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ნედლეულის დეფიციტთან ერთად, ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება პროფესიონალური კადრების მოძიებაც. რეგიონებში სამუშაო ძალის, განსაკუთრებით კი კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც წარმოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა“, - ამბობს „შვანრეს“ დამფუძნებელი.

ანსიანის შეფასებით, "შვანრეს" დამატებით გამოწვევად რჩება კონკურენცია პროდუქტებთან, რომლებიც ნედლი რძისგან არ არის დამზადებული. მისი თქმით, მომხმარებლისთვის ამ პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა ამ ეტაპზე მარტივი არ არის.

„არაჯანსაღი კონკურენციაც ისევ გამოწვევად რჩება, რადგან ჯერჯერობით გამიჯნული არ არის ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქცია ფხვნილისგან დამზადებული პროდუქციისგან. მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა“, - აცხადებს ანსიანი.

მისი ინფორმაციით, საკითხზე კომპანიების მონაწილეობით სოფლის განვითარების სააგენტოში შეხვედრა უკვე გაიმართა. ბიზნესოპერატორებს გააცნეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტებისთვის სავაჭრო ობიექტებში ცალკე სივრცეებისა და განსხვავებული მარკირების გამოყენება იგეგმება.

„თუ ეს ცვლილებები დროულად განხორციელდა და მაღაზიებში ნატურალური, ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის ცალკე დახლები გამოიყო, მომხმარებლისთვის პროდუქტების გამიჯვნა უფრო მარტივი გახდება. ეს, თავის მხრივ, გაზრდის ცნობადობას და მოთხოვნასაც“, - ამბობს ნონა ანსიანი.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ამ ეტაპზე გაცნობითი ხასიათის იყო, ხოლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა წლის ბოლომდე იგეგმება. კომპანიის მოლოდინით, ცვლილებები მომავალი წლიდან უფრო ხელშესახები გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები