მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოღი ბახმაროში - ტრადიციად ქცეული დღესასწაული

დოღი ბახმარო
16.08.24 17:56
951
სტატიაში საუბარია:

თუ ერთხელ მაინც გინახავთ მარადმწვანე ტყეებით შემოსაზღვრული ბახმარო, შეუძლებელია, ოდესმე დაივიწყოთ. მთისა და ზღვის ჰავის შერწყმა, ნისლი, დათოვლილი აჭარა-გურიის მთები, ხის სახლები და ღამით კოცონებით განათებული მდელოები ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს.

ჯადოსნური გარემოს გარდა, ბახმაროსთან ასოცირდება ტრადიციული დღესასწაული, დოღი, რომელიც ყოველ წელს, 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღეს, იმართება მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ. ადგილობრივების რწმენით, ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროში ზაფხულის დასასრულის და შემოდგომის დასაწყისია. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი კი, ტრადიციულად, წელსაც საქართველოს ბანკია.

სპეციალურად ამ დღისთვის კურორტს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, ცხენოსნების შეჯიბრის გარდა, დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობებიც ეწყობა. დოღის ორგანიზატორი, თინათინ დაუშვილი, გვიამბობს ტრადიციად ქცეული დღესასწაულისა და წლევანდელი გეგმების შესახებ:

,,თითქმის საუკუნეა გურიის კურორტ ბახმაროში ცხენოსნები 19 აგვისტოს იკრიბებიან და საზაფხულო სეზონის დახურვას დოღით აღნიშნავენ. დოღი საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია და ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ბახმაროს პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით დოღი – “ბახმაროს თასი” ,,წყაროს წყალი ბახმაროს”, ,,ნაბეღლავისა” და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება. ბახმარო თავისი უნიკალური ხედებითა, ჰაერითა და რელიეფით საუკეთესო ადგილს ქმნის ცხენოსნობისთვის, იზიდავს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს“.

წლიდან წლამდე დღესასწაული უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. წელს სპეციალურად დოღისთვის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 70-მდე გამოცდილი მხედარი მდინარე ბახვისწყალთან შეიკრიბება და 30 000-მდე მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას მოუწყობს.

როგორც ორგანიზატორი გვეუბნება, წელს ბახმაროში 19 აგვისტო განსაკუთრებით მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იქნება:

,,ღონისძიება მაყურებელს სასიამოვნო შემოქმედებით საღამოსაც ჰპირდება, სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მუსიკალური ნაწილი. შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების ჩაისა და სხვა პროდუქციის დაგემოვნება, მაყურებელს შეეძლება, შეიძინოს ბახმაროს ბრენდირებული სუვენირები, მათ შორის, ტანსაცმელი ღონისძიების სიმბოლიკით. ნივთები საშუალებას გვაძლევს ეს დღე ხელშესახებ მოგონებად შემოვინახოთ.

ბახმაროში დოღის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტული ღონისძიება; ეს არის საერთო ზეიმი – წარსულის ტრადიციებისა და მომავლის უნივერსალურობა, რომელიც საერთო მღელვარებით აერთიანებს ხალხს დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად.“

ასე რომ, თუკი ზაფხულის ბოლო დღეების სასიამოვნოდ გატარება გსურთ, 19 აგვისტოს ბახმაროში საუკეთესო გარემო, მრავალფეროვანი აქტივობები და სანახაობა დაგხვდებათ.

ღონისძიების დეტალები

საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს საინტერესო ღონისძიებების აღმოჩენასა და მხარდაჭერას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები