მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე ტექნოლოგიები აგრობიზნესში – „მკისას“ წარმატების ისტორია

საქართველოს ბანკი
BM. GE
30.10.23 16:30
39
სტატიაში საუბარია:

თანამედროვე სოფლის მეურნეობა ტექნოლოგიების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ბაზარზე ჭკვიანი სენსორებისა და მართვის სისტემების გამოჩენამ აგრობიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა, ზოგიერთი ქართული კომპანია კი ამ რესურსს აქტიურად იყენებს.

კომპანია „მკისა“ 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აგრობიზნესის განვითარებაა. საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან „მკისას“ გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად ინოვაციური მიდგომების დანერგვა იქნებოდა საჭირო, ამიტომაც „მკისას“ ბაღების გაშენების საწყის ეტაპზევე გათვალისწინებული იყო ბაღებში ჭკვიანი სისტემის მოწყობა და ციფრული ქსელის განვითარება.

ამჟამად „მკისა“ ბოლნისის რაიონში 100 ჰექტრის მიწის ფართობს ფლობს, სადაც 40 ჰექტარზე ნუშის ბაღებია გაშენებული. გარდა ამისა, კომპანიას 55 ჰექტარ მიწის ფართობზე წყალტუბოსა და ხობში მოცვის ბაღები აქვს გაშენებული. ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში „მკისას“ აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს ბანკი, რომელიც ქართული ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერია.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, გიგი გაჩეჩილაძის განმარტებით, „მკისას“ ბაღებში მეტეოროლოგიურ სადგურები, სენსორები და ჭკვიანი მოწყობილობებია განთავსებული. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, სამართავი ცენტრი დეტალური მონაცემების მიღებას ახერხებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, ქარის მიმართულების, სიჩქარის და ნიადაგის ხარისხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომპიუტერული სისტემა ამუშავებს უშუალოდ მცენარის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის, ფოთლის სისველეს და ნაყოფის ზრდის ტემპს.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით „მკისას“ გუნდი იღებს დეტალურ მონაცემებს ბაღის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება.

მკისას ბაღებში საირიგაციო სისტემაც კი სრულად ავტომატიზებულია და მორწყვის პროცესსაც კომპიუტერი განსაზღვრავს, რომელიც ბაღს 24-საათიან მონიტორინგს უწევს და წყლის მიწოდებას, მის ფილტრაციას და წნევასაც კი ავტომატურად აკონტროლებს. ასეთი კომპლექსური მიდგომა მაქსიმალური შედეგის მიღების საშუალებას იძლევა, რაც მოსავლიანობაზე პოზიტიურად აისახება.

გიგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს იმასაც, რომ თანამედროვე ტექნოლოგია ადამიანური და ენერგეტიკული რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. მაგალითად, ავტომატურ საირიგაციო სისტემას საოპერაციოდ თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლები ადამიანური რესურსი სჭირდება, ვიდრე მექანიკურს. გარდა ამისა, ეს სისტემა ელექტროენერგიის და წყლის რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა, რადგან ბაღში ზუსტად იმ რაოდენობის რესურსები იხარჯება, რაც რეალურად საჭიროა.

კომპანია გეგმავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ნუშის ბაღების ფართობმა 1,500 ჰექტარს მიაღწიოს და საქართველო გლობალურ ბაზარზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს. ზოგადად კი, „მკისას“ ბიზნესმოდელი სრულადაა მორგებული საერთაშორისო ბაზარს და კომპანია დაფუძნების პირველივე დღიდან საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. თავად ამ მოცემულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ნუშის წარმოების გლობალური ბაზარი დაახლოებით 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მისი მოცულობა წლიურად საშუალოდ 5.5%-ით იზრდება. აღმასვლის დინამიკა შეინიშნება ლურჯის მოცვის ინდუსტრიასთან მიმართებითაც, რომელიც დაახლოებით 14 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და წლიურად 6.5%-იან ზრდას განიცდის. ამ ყველაფრის ფონზე, „მკისა“ აქტიურად ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას, რის გამოც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია დასავლურ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან.

„მკისას“ შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია აგრობიზნესს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში. ზოგადად, აგრობიზნესში ამ ტიპის ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამის საშუალება კი ფერმერთა ნაწილს არ აქვს. საქართველოს ბანკი აქტიურად ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.

საქართველოს ბანკის პორტფელში აგრობიზნესზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელიც ზუსტად ერგება ქართველი ფერმერების ინტერესებსა და საჭიროებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები