ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ საკონსულტაციო კომპანია Rothschild&Co-ს მიერ შექმნილი დოკუმენტაციები ნანახი აქვს და მთავრობა სამოქმედო გეგმებში იყენებს მას. ასე უპასუხა მან BMG-ის მიერ დაგეგმილ შესაბამის კითხვას.
კერძოდ, ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ ქვეყანაში ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობაც ვალდებულია გამჭვირვალე იყოს. BM.GE დაინტრესდა, თუ რაში დაიხარჯა 10 მლნ ლარი, რომელიც საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის შექმნას უნდა მოხმარებოდა, მით უმეტეს, რომ Rothschild & Co-სთან ხელშეკრულება აღარ გრძელდება, ხოლო რაიმე სტრატეგია საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
„ამ კომპანიასთან დღეს ხელშეკრულება არ გვაკავშირებს. იმ ხელშეკრუების ფარგლებში მათ ჰქონდათ საკონსულტაციო ვალდებლებები, რომლებსაც პერიოდულად ასრულებდნენ, მეორე მხარე იყო მთავრობის ადმინისტრაცია, ვისთანაც ჰქონდათ ვალდებულება. ვალდებულების ფარგლებში აბარებდნენ შესაბამის პროდუქტს, ეს იყო საკონსულტაციო პროდუქტი. ეს დოკუმენტები არებობს, და მათ ნაწილს იცნობს ეკონომიკის სამინისტრო. მეც მაქვს ნანახი, რომელიც ეხებოდა იგივე ტრასტების შესახებ კანონმდებლობის დახვეწას საქართველოში, რაც წინაპირობა უნდა ყოფილიყო საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის.
ასევე, კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად ინსტიტუციების გაძლიერება, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ შექმნილიყო ტრასტები, შემოსულიყო კაპიტალი და ა.შ. ეს რეკომენდაციები არის ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილი, რასაც ეკონომიკის სამინისტრო კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. ეს რეკომენდაციები მათ შორის გვაქვს გაზიარებული მათ შორის ჩვენს სამოქმედო გეგმებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ: საქართველოს წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიზანს ისეთი სტრატეგიის მომზადება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, BMG-მ გაარკვია, რომ Rothschild & Co-სთვის 10 მილიონი ლარია გადახდილი. კერძოდ, 2022 წელს გადახდილია 3.8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს დახარჯულია 6 მილიონი ლარი, თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები კონფიდენციალურია.