მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა Rothschild-თან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს, უცნობია რაში დაიხარჯა ₾10 მლნ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპზე, ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდ Rothschild & Co-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მაგრამ სხვა კითხვები უპასუხოდ დატოვეს. მათ შორის ისიც, შეიქმნა თუ არა ქვეყნის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების სტრატეგია, რისთვისაც კომპანიას 10 მლნ ლარი გადაერიცხა.

შეგახსენებთ: საქართველოს წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიზანს ისეთი სტრატეგიის მომზადება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, BMG-მ გაარკვია, რომ Rothschild & Co-სთვის 10 მილიონი ლარია გადახდილი. კერძოდ, 2022 წელს გადახდილია 3.8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს დახარჯულია 6 მილიონი ლარი, თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები კონფიდენციალურია.


BMG-ის კითხვები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას:

1. რა სამუშაოები იქნა შესრულებული მოცემული კომპანიის მიერ?
2. ჯამში, რა მოცულობის თანხები იქნა გადახდილი მათ მიერ გაწეული ცალკეული საქმიანობის მიხედვით?
3. რამდენჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ან/და მთავრობის ადმინისტრაციასთან?
4. რომელმა სახელმწიფო უწყებამ გადაუხადა Rothschild & Co-ს თანხა გაწეულ სამუშაოებზე?
5. შეიქმნა თუ არა ქვეყნის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების სტრატეგიის დოკუმენტი?
6. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ Rothschild & Co-ს მიერ მომზადებული დოკუმენტი. თუ კონფიდენციალურია, მიუთითეთ - რატომ ან/და როდის გახდება საჯარო?
7. აპირებს თუ არა მთავრობა ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხი BMG-ის:

„საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და Rothschild & Co-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე განკარგულების მიღების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27² მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. რაც შეეხება Rothschild & Co-ს თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპისათვის აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება არ იგეგმება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები