საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული შეფასებით, წელს აშშ დოლარის დასუსტებამ მსოფლიოს ქვეყნებს, განსაკუთრებით კი განვითარებად ბაზრებს დამატებითი ფისკალური სივრცე მისცა. ეს ნიშნავს, რომ განვითარებადი ბაზრების ეკონომიკებს, რომელთა ვალდებულებები და იმპორტი აშშ დოლარში არის ნომინირებული დოლარის გაუფასურებიდან გამომდინარე დამატებითი ფისკალური სივრცე გაუჩნდათ.
IMF-ის შეფასებით, დოლარის მოულოდნელი გაუფასურება მოხდა იმ ფონზე, როცა პროგნოზი იყო, რომ ტარიფების ზრდა მის გამყარებას გამოიწვევდა. თუმცა რეალურად, მიმდინარე წლის აპრილში მომხდარი სატარიფო შოკი საპირისპიროდ აისახა დოლარზე და ევროს გამყარება განაპირობა.
ამავდროულად სავალუტო ფონდმა განაახლა გლობალური ეკონომიკური ზრდის შეფასება და ის აპრილში პროგნოზირებული 2.8%-ის ნაცვლად 2025 წელს 3% იქნება.
თუმცა, ფონდის შეფასებით, რისკები კვლავ ნეგატიურისკენ იხრება. დოლარის გაუფასურებამ შესაძლოა დროებით შეუწყოს ხელი ეკონომიკურ აქტივობას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამოკიდებულია სავაჭრო პოლიტიკის სტაბილურობაზე და გლობალური ფინანსური არქიტექტურის მიმართ ნდობაზე.




























