მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დომაგოი ჰაიდუკოვიჩი: „მჯერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მალე მიეცემა“

633bfb15ac9e3
BM.GE
04.10.22 13:19
434
„ევროკავშირის წევრობა და ის გზა, რომელსაც საქართველო ჯერ კიდევ გადის არის მამაცობის გზა. ეს არ იქნება მოკლე და მარტივი გზა“, - ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა თავისთავად არ მიიღწევა.

"ყველაზე დიდი ღირებულება გახლავთ საზოგადოების საოცარი ტრანსფორმაცია, რომელიც გვხვდება ამ პროცესის განმავლობაში. იცვლება ყველაფერი - არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ ინსტიტუტები, ადამიანები, მენტალობა. საქართველომ უკვე აჩვენა თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი და სურვილი რომ იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ, ხორვატიის პარლამენტში ვწუხვართ, რომ საქართველოს არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. ძალიან გთხოვთ გული არ აგიცრუვდეთ ამ გადაწყვეტილებით. მე მაქვს პოზიტიური განწყობა და მჯერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მალე მიეცემა", - აღნიშნა ჰაიდუკოვიჩმა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით რათა ღია გულით დაგეხმაროთ თქვენ. ევროპული პროექტი არ არის დასრულებული. ის არ არის დასრულებული მანამ, სანამ არიან ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, უნდათ ევროკავშირის წევრობა მაგრამ ჯერ არ არიან. მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს და გახდება ევროკავშირის წევრი მათ შორის საქართველო - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი დასრულებულია. ხორვატიის პარლამენტში ჩვენ გვაქვს ევროპულ საქმეთა კომიტეტი და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენც უახლოეს მომავალში გექნებათ ევროპულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა როგორც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები