აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენტუკის შტატში გამართულ წინასაარჩევნო ტიპის აქციაზე განაცხადა, რომ ამერიკამ ირანთან ომში გამარჯვება უკვე მოიპოვა. მისი თქმით, კონფლიქტის ბედი „პირველივე საათში“ გადაწყდა, თუმცა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ძალები რეგიონში დარჩებიან, რათა “დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ”. ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა უკვე გაანადგურეს ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 58 ხომალდი და ქვეყნის სამხედრო პოტენციალი პრაქტიკულად პარალიზებულია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიუხედავად დეკლარირებული წარმატებისა, პრეზიდენტი ომის სწრაფი დასრულების წინააღმდეგია. „ჩვენ არ გვსურს ნაადრევად წამოსვლა. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ,“ - მიმართა მან მხარდამჭერებს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი “ფაქტობრივად განადგურებულია“, თუმცა აშშ-ის მიზანია ისეთი მდგომარეობის მიღწევა, რომელიც მომავალში კონფლიქტის განახლებას გამორიცხავს. მისი თქმით, ვაშინგტონს არ სურს, რომ რეგიონში დაბრუნება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უწევდეს.




























