აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ქვეყანამ „პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება“ უკვე მიაღწია. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანში ურანის გამდიდრება შეწყდება, ხოლო შეერთებული შტატები უზრუნველყოფს B2 ბომბდამშენების მიერ ბირთვული ობიექტების განადგურებისას მიწისქვეშ ჩამარხული რადიოაქტიური მასალების სრულ ლიკვიდაციას.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ობიექტებზე მკაცრი სატელიტური მეთვალყურეობა ხორციელდება და თავდასხმის დღიდან იქ არაფერი შეცვლილა. ტრამპის განმარტებით, მხარეებს შორის 15-პუნქტიანი გეგმის უმეტეს ნაწილზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, რაც თეირანისთვის ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
მიუხედავად პრეზიდენტის ოპტიმიზმისა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან გაფორმებულ ხელშეკრულებას „მყიფე ზავს“ უწოდებს. ბუდაპეშტში ვიზიტისას ვენსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო უწყებამ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა, ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თეირანში არიან ადამიანები, რომლებიც ზავის ჩაშლას ცდილობენ.
ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ირანზე ზემოქმედების უდიდესი სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ბერკეტები აქვს. მისი განმარტებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ადმინისტრაციას დაავალა, მაქსიმალური დრო და რესურსი დაუთმონ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. საუბრისას ვენსმა ირანული მხარე გააფრთხილა და თქვა, რომ "თეთრი სახლი პროგრესის მიღწევას დაუსრულებლად არ დაელოდება". ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თუ თეირანი პირობებს არ შეასრულებს, ის მკაცრ პასუხს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ორკვირიანი ზავი გუშინ, საქართველოს დროით 02:45 საათზე გამოცხადდა. მას კი წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის მუქარა ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმებისა და "ცივილიზაციის სრული განადგურების შესახებ". ცნობისთვის, შეთანხმების მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა და მსოფლიო ეკონომიკისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების აღდგენაა.




























