მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი: ირანის სამხედრო პოტენციალი განადგურებულია, ოპერაცია დასასრულს უახლოვდება

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერს მიმართა და ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის, "ეპიკური მრისხანების" ამჟამინდელი შედეგები შეაჯამა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ერთთვიანი ინტენსიური იერიშების შედეგად, ირანის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალები სრულად განადგურდა, ხოლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მართვის სისტემები პარალიზდა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი - თეირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთა თითქმის მიღწეულია, რადგან B2 ტიპის ბომბდამშენებმა ქვეყნის საკვანძო ბირთვული ობიექტები მიწასთან გაასწორეს. ტრამპის თქმით, ვაშინგტონი აღარ დაუშვებს „ბირთვულ შანტაჟს“ და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს უახლოეს კვირებში დაასრულებს.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა და ბარაკ ობამას მიერ გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას „კატასტროფა“ უწოდა. მისი თქმით, ირანისთვის გადაცემული $1.7 მილიარდი დოლარი მხოლოდ აგრესიის დაფინანსებას მოხმარდა, რაც საბოლოოდ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმითა და რეგიონული ტერორიზმით "დაუბრუნდა შტატებს". პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ ამერიკა აღარ აპირებს სხვისი ინტერესების გამო ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფას. მან იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ კამპანიაში არ მონაწილეობენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავად იზრუნონ ნავთობის ტრანსპორტირების გზების დაცვაზე ან ენერგორესურსები პირდაპირ აშშ-სგან შეიძინონ.

პარალელურად, თეთრი სახლის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ირანის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის ოფიციალური მიზანი „რეჟიმის ცვლილება“ არ ყოფილა, ფაქტობრივად ეს უკვე მოხდა. ტრამპის მტკიცებით, ირანის წინა ხელმძღვანელობა განადგურებულია, ხოლო ახალი ჯგუფი „ნაკლებად რადიკალურია“. ამასთან, მან გასცა გაფრთხილება, რომ თუ თეირანი ახალ შეთანხმებაზე არ წავა, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს ფართომასშტაბიანად და სრულფასოვნად დაბომბავენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ირანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები განზრახ არ ზიანდება, რადგან თეთრ სახლში არსებობს სურვილი, ქვეყანას მომავალში რეაბილიტაციის მინიმალური შანსი მაინც დარჩეს.

საუბრის მიწურულს პრეზიდენტმა პატივი მიაგო დოვერის ავიაბაზაზე გადმოსვენებულ 13 ამერიკელ სამხედროს, რომლებიც ამ კონფლიქტის დროს დაიღუპნენ და პირობა დადო, რომ მათი მსხვერპლი ფუჭი არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები