აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინს მარტის ბოლოს დაგეგმილი სამიტის „დაახლოებით ერთი თვით“ გადადება სთხოვა.
პრეზიდენტის განმარტებით, მიზეზი ირანთან მიმდინარე ომია, რაც მის ქვეყანაში ყოფნას აუცილებელს ხდის. „ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ ომის გამო ვგრძნობ, რომ აქ უნდა ვიყო. ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშეა - უბრალოდ ომი გვაქვს და მიმაჩნია, რომ ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამიტის შესაძლო გადადების ფონზე, ორ ეკონომიკურ ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. აშშ-მა ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკის მიმართ ახალი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მიერ ჩინურ იმპორტზე მანამდე დაწესებული მსხვილი ტარიფები გააუქმა. გარდა ამისა, თეთრი სახლი პეკინისგან ჰორმუზის სრუტის დე-ფაქტო ბლოკადის გარღვევაში დახმარებას ითხოვს, რადგან ჩინეთი ირანული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველია, თუმცა ჩინური მხარე ამ თხოვნას არ თანხმდება.
მიუხედავად პრეზიდენტის მკაცრი ტონისა, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სიტუაციის შერბილება სცადა და აღნიშნა, რომ სამიტის თარიღის ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ ლოგისტიკური მიზეზებით იქნება განპირობებული და არა პოლიტიკური მოთხოვნებით. მისი თქმით, გადადება არ უკავშირდება პრეზიდენტის მოთხოვნას, რომ ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოება დაიცვას.




























