თეთრი სახლის ინფორმაციით ოფიციალური ვაშინგტონი და თეირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას განიხილავენ. დონალდ ტრამპის განცხადებით ისლამაბადში შეხვედრა შესაძლოა მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართოს. Reuters-ის ცნობით დელეგაციები პაკისტანის დედაქალაქში მიმდინარე კვირაშივე დაბრუნდებიან.
როგორც ცნობილია, გასულ უქმეებზე გამართული პირველი რაუნდი მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით ამერიკულმა დელეგაციამ მაგიდაზე არაერთი პირობა დადო. ვენსის პოზიციით ახლა საპასუხო ნაბიჯი ირანის მხარემ უნდა გადადგას და დაადასტუროს, რომ ის სამშვიდობო გარიგების დადებისთვის რეალურადაა მზად.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური თეირანი შაბათ-კვირას ჩაშლილ მოლაპარაკებებში ვაშინგტონს ადანაშაულებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განმარტებით ამერიკულმა დელეგაციამ მაქსიმალისტური მიდგომებით იმოქმედა და არავითარ დათმობაზე არ წავიდა, შესაბამისად, ოფიციალური თეირანი არა საპასუხო ნაბიჯებს, არამედ შტატების პოზიციის შერბილებას მოელის.
შეგახსენებთ, ჩაშლილი მოლაპარაკებების საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა. საუბარია გლობალურად უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტზე, რომელზეც მსოფლიო ნავთობის 20% გადის. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით ოპერაციაში 10,000 სამხედრო მოსამსახურე და ათობით საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს. შტატების შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბლოკადის სრულყოფილად ამოქმედებიდან პირველ 24 საათში მათ ექვს სავაჭრო გემს ირანის პორტებში დაბრუნება უკვე აიძულა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დადებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 21 აპრილს იწურება.



























