მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის კრიპტოკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს - ვინ და რაში სდებს ბრალს პრეზიდენტის ოჯახს?

ჯასტინ სანი და დონალდ ტრამპი

კრიპტოსამყაროს ცნობილმა სახემ, ჯასტინ სანმა, დონალდ ტრამპის ოჯახის მიერ დაფუძნებულ კომპანია World Liberty Financial-ს სასამართლოში უჩივლა. სარჩელი კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი კრიპტოაქტივების განბლოკვასა და მფლობელობაში არსებული ტოკენების განადგურების აკრძალვას ითხოვს.

როგორც ირკვევა, ჯასტინ სანს გაყინული აქტივების დაბრუნება სურს. საქმის მასალების მიხედვით, World Liberty-მ ინვესტორის კუთვნილი აქტივები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაყინა. ამ ნაბიჯმა კი სანის კრიპტოკომპანიის მართვის პროცესში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

სარჩელში ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ ამჟამად კომპანია კოლაფსის ზღვარზეა. მისი თქმით, World Liberty-მ დეცენტრალიზაციის პრინციპები დაარღვია და ე.წ. სმარტ-კონტრაქტებში ცვლილებები ისე შეიტანა, რომ ინვესტორს არაფერი უთხრა. ამ გზით ტრამპის ოჯახმა საფულეების მფლობელების „შავ სიაში“ შეყვანისა და აქტივების თვითნებურად განკარგვის ბერკეტები მოიპოვა. როგორც ჯასტინ სანი ამბობს, მისი ტოკენების გაყინვისა და შესაძლო განადგურების რეალური მიზეზი ის არის, რომ ინვესტორმა TRON-ის ქსელში სტაბილკოინ USD1-ის პოპულარიზაციაზე უარი განაცხადა და ტრამპების ოჯახის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

ცნობისთვის, ჯასტინ სანი World Liberty-ს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი 2024 წლის ბოლოს გახდა. ჯამურად მან პროექტში $45 მილიონი დააბანდა. ამ თანხით მეწარმემ 3 მილიარდი WLFI ტოკენი შეიძინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრამპის ოჯახის კომპანია World Liberty Financial-ი კომენტარის გაჟღერებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები