დონალდ ტრამპის შვილები, ერიკი და დონალდ უმცროსი ბიტკოინში ინვესტირებას აგრძელებენ. ამ მიზნით, მილიარდერი პრეზიდენტის ვაჟებმა უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანია Hut 8-თან ერთობლივი საწარმო American Bitcoin Corporation-ი შექმნეს, რომლის მიზანი ბიტკოინის ინდუსტრიული მაინინგი და სტრატეგიული რეზერვის განვითარება იქნება.
რეალურად, გარიგების ინიციატორი სწორედ Hut 8 იყო, რომელმაც ახალგაზრდა ტრამპების მიერ დაფუძნებული American Data Centers-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ამგვარად, კომპანია კვლავ საჯარო იქნება და Hut 8-ის ჰოლდინგის ქვეშ გააგრძელებს ოპერირებას, მაგრამ უშუალოდ მაინინგის ბიზნესის მმართველი American Bitcoin Corporation-ი იქნება, როცა თავად Hut 8 მონაცემთა ცენტრების ბიზნესზე კონცენტრირდება.
როგორც ერიკ ტრამპმა კომპანიის აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა, ეს იქნება ყველაზე დიდი და წარმატებული მაინინგ-კომპანია, რომელიც დედამიწაზე არსებობს და თან, ის სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ბაზირებული. თავად ეს იდეა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხედვას იმეორებს, რომლითაც ქვეყანა მსოფლიოს კრიპტოდედაქალაქად უნდა იქცეს, ხოლო დარჩენილი ბიტკოინის უდიდესი ნაწილი, სწორედ აშშ-ში უნდა იქნეს მოპოვებული.