მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის თქმით, ტაივანმა ამერიკას სამხედრო დაცვისთვის ფული უნდა გადაუხადოს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაივანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო დაცვისთვის ფული უნდა გადაუხადოს. როგორც ტრამპმა Bloomberg Intelligence-თან ინტერვიუში განაცხადა, ტაივანი მის ქვეყანას ისე ექცევა, როგორც სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ სამხედრო დაცვის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს იღებს.

დონალდ ტრამპის ეს განცხადებები ტაივანის მიკროჩიპების წარმოების ბიზნესს უკავშირდება, რომელიც ამ ტერიტორიის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ტაივანმა ამერიკული მიკროჩიპების ბიზნესის 100% მიისაკუთრა, რაც მისი თქმით, დაუშვებელი იყო.

დონალდ ტრამპი ნაწილობრივ მართალია, რადგან გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე ტაივანის გამოჩენამდე, მიკროჩიპების უდიდესი მწარმოებელი სწორედ ამერიკა იყო. დღეს, ტაივანზე მიკროჩიპების გლობალური ბაზრის წილის 66% მოდის, რაც ფაქტობრივად სრულად ერთი კომპანიის, TSMC-ის დამსახურებაა, რომელიც Apple-ისა და NVIDIA-ს მსგავს ამერიკულ კომპანიებს ემსახურება. საპირწონედ ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბაზრის მხოლოდ 6% მოდის.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებას TSMC-ის ინვესტორები არც თუ ისე სახარბიელოდ შეხვდნენ, რადგან კომპანიის ფასმა 2.4%-ით იკლო. ბოლო ექვსთვიან პერიოდში, TSMC-ის აქციის ფასი 77%-ით, ერთწლიან პერიოდში კი 74%-ით არის გაზრდილი. დღეს, TSMC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $964 მილიარდია, ანუ ის მე-9 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები